ზიდანმა “რეალში” რონალდუს შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
დღეს ესპანურმა ტელეარხმა El Chiringuito-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და “სამეფო კლუბში” პორტუგალიელი ფეხბურთელის შესაძლო დაბრუნების საკითხი განიხილა. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება “რეალის” მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს სთხოვეს.
“თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რას ნიშნავს კრიშტიანუ “რეალისთვის”. ჩვენ ყველას გვიყვარს ის იმ დიდებული საქმისთვის, რაც აქ გააკეთა. ახლა ის “იუვეს” ფეხბურთელია და ძალიან კარგად თამაშობს. მეტს ვერაფერს გეტყვით. საუბარი ბევრია, მაგრამ პატივისცემა გვმართებს”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “მარკა”.
კრიშტიანუ რონალდუსა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად ჩატარებულ 32 მატჩში 27 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.