ზინედინ ზიდანი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ჟოზე მოურინიოს წასვლას ელოდება
ზინედინ ზიდანი, რომელმაც გასული სეზონის დასრულებისთანავე დატოვა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი, დიდ ფეხბურთში დაბრუნებისთვის ემზადება.
ფრანგული L’Equipe-ს კვირის გამოცემაში ვკითხულობთ, რომ ფრანგი სპეციალისტი პრემიერ ლიგაში გადაბარგების იდეით არის გატაცებული. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ზიზუმ თვალი “მანჩესტერ იუნაიტედს”, კერძოდ ჟოზე მოურინიოს სავარძელს დაადგა.
როგორც იცით, ფრანგმა სპეციალისტმა “რეალში” ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია, თუმცა კრიტიკოსები მაინც ჰყავს. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ზინედინ ზიდანმა იცის, როგორ მართოს ვარსკვლავური ფეხბურთელებით შემკობილი გასახდელი.
იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე მოურინიო ვერც მიმდინარე სეზონში შეძლებს წარმატების მიღწევას, “წითელი ეშმაკუნები” მას დიდი ალბათობით გაუშვებენ. ზინედინ ზიდანი კი ის მწვრთნელია, რომელზეც უარს ვერცერთი კლუბი ვერ იტყვის.