ზირაქაშვილი: “ეს იქნება სამარცხვინო… ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ დავით ზირაქაშვილმა რაგბის კავშირის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.
ზირაქაშვილმა კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა ირაკლი აბუსერიძეს და თქვა, რომ მისი შესაძლებლობების სჯერა.
“ეს არჩევნები დიდი ხნის წინ უნდა ჩატარებულიყო და არა – ახლა. ყველამ კარგად იცის, რომ მე ირაკლი აბუსერიძეს ვუჭერ მხარს. ქართულ რაგბს სჭირდება ცვლილებები. მე მჯერა ირაკლის შესაძლებლობების. მას გვერდში ბევრი ადამიანი დაუდგება და ისინი შეძლებენ, რომ ქართული რაგბი წავიდეს წინ და არა უკან, როგორც ეს დღეს ხდება. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ხელჩართული ჩხუბი იმისთვის, რომ რაგბი წინ წავიდეს?! ეს იქნება სამარცხვინო.
იმ ადამიანებმა, რომლებიც იძახიან, რომ მხარს კონკრეტულ კანდიდატს უჭერენ, თქვან, რატომ უჭერენ მხარს. როდესაც ვამბობ, რომ ირაკლი აბუსერიძეს ვუჭერ მხარს, ამას ვამბობ იმიტომ, რომ ქართული რაგბი წავიდეს წინ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვინმესგან რამეს ველოდები. ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და თქვას: ელოდება რამეს ამ მხარდაჭერისაგან თუ არაფერს?
ჩემი მხარდაჭერა რას ნიშნავს? ხმა მე არ მეკუთვნის, საქართველოდან 4000 კილომეტრში ვარ. ეს ჩემი გულის ძახილია, რადგან მინდა, რომ ქართული რაგბი განვითარდეს. მე არავისგან არაფერს ველი, უბრალოდ ვიძახი – ხალხო, ასე თუ გაგრძელდა ხელჩართული ჩხუბი, ბრძოლა 21-ე საუკუნეში, არ იქნება არანაირი წინსვლა.
ზუსტად იმიტომ მინდა ირაკლი მოვიდეს რაგბის კავშირის სათავეში, რომ გაიწმინდოს და დაემსგავსოს წინ წასული ქვეყნების ფედერაციებს და არ ჰგავდეს რაღაც მე-19 საუკუნის ორგანიზაციას და ‘ჩემი ბიძაშვილი რომ ხარ, მაგიტომ დაგასაქმებ ან ჩემი დეიდაშვილის ქმარი რომ ხარ, მაგიტომ გამუშავებ დამლაგებლად’. ეს უნდა მოიშალოს”, – განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის არჩევნები 30 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობისათვის ირაკლი აბუსერიძე, გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე იბრძვიან.