ზლატან იბრაჰიმოვიჩის კომენტარი საქართველოსთან მატჩის წინ
შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე შვედურ მედიასთან ისაუბრა.
შვედები 11 ნოემბერს საქართველოს, ხოლო 14 ნოემბერს ესპანეთს ესტუმრებიან. 40 წლის ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ორივე მატჩში.
“მე გუნდის ნაწილი ვარ. თუ მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ ორივე მატჩში უნდა ვითამაშო, ვითამაშებ. თუ მას ენდომება, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩავატარო, ასეც იქნება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა სურს მწვრთნელს.
მას შემდეგ, რაც 30 წლის გავხდი, შევამჩნიე, რომ ტკივილი არსად არ მიდის, ის სხეულის სხვადასხვა ნაწილებს ეხება. ერთადერთი, რაც შევცვალე, არის ის, რომ იტალიაში ფიზიოთერაპევტი ყველგან, 24 საათის განმავლობაში დამყვება. როგორც კი ტკივილს ვიგრძნობ, მინდა, რომ მაშინვე მასზე ზრუნვა დავიწყო. თამაში ყველას გვინდა, მაგრამ ტრავმებიდან გამომდინარე, სწორი ბალანსი უნდა შევარჩიოთ”, – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
საქართველო-შვედეთის დაპირისპირებას ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.