ზლატანი: “არ მიკვირს ასე რომ ვთამაშობ, მე ხომ საუკეთესო ვარ”
ფრანგულ გამოცემებში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ინტერვიუ ვრცელდება, სადაც 40 წლის ვარსკვლავი, რომელმაც “რომასთან” მატჩში გოლი საჯარიმოდან გაიტანა, თავის მომავალზე საუბრობს.
“საფრანგეთში გენატრებით, არა? რაზე საუბრობთ ჩემი წასვლის შემდეგ, არაფერზე? ალბათ საფრანგეთში ახლა მუშაობა მოსაწყენი უნდა იყოს.
მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ 40 უბრალოდ რიცხვია. მე ჯერ კიდევ შემიძლია იმის კეთება, რაც მიყვარს. არ შემიძლია ისე თამაში, როგორც 5-10 წლის წინ ვთამაშობდი, მაგრამ ახლა უფრო ჭკვიანი და გამოცდილი ვარ.
ვარ თუ არა გაოცებული ჩემი პეროფრმანსებით? არა, მე ხომ საუკეთესო ვარ. გაკვირვებული ვერ იქნები, როდესაც საუკეთესო ხარ. დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, უბრალოდ არ მინდა რამ ვინანო, როდესაც კარიერას დავასრულებ.
დარწმუნებული არ ვარ იქნება თუ არა “მილანი” ჩემი ბოლო კლუბი. მინად იმდენ ხანს ვითამაშო, რამდენ ხანსაც შევძლებ. თუ ისინი ჩემ გაშვებას გადაწყვეტენ, რა თქმა უნდა, მე თამაშს გავაგრძელებ.
აქ მე დიდ როლს ვასრულებ, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. მომწონს ასეთი სიტუაცია. გვჯერა, რომ “სკუდეტოს” მოვიგებთ,” – აცხადებს ზლატანი.