ზლატანი ლუკაკუს: “ვიმღეროთ ერთად. რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზე” (ვიდეო)
“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედთასნ” გასამართ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ, როგორც ჩანს, 39 წლის შვედს ეს დიდად არ ადარდებს.
იბრაჰიმოვიჩი “ბოლონიას” თავკაც სინიშა მიხაილოვიჩთან ერთად სან რემოს სიმღერის ფესტივალზე წარსდგება. ისინი ჯგუფ Nomadi-ს 70-იანი წლების ჰიტს “Lo vagabondo” (“მაწანწალა”) შეასრულებენ.
“ჩემთვის, რა თქმა უნდა, გოლების გატანა უფრო მარტივი საქმეა, ვიდრე სიმღერა. ეს ჩემი სფერო არ არის, მაგრამ კარგად მომამზადებენ და არ ვღელავ. თუ ცუდად ვიმღერებ, მკაცრად არ განმსჯიან, რადგან ფეხბურთელი ვარ. თუ კარგად შევასრულებ სიმღერას, შესაძლოა, კარიერის დასრულების შემდეგ ახალი საქმიანობითაც დავკავდე”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.
შვედი ფეხბურთელი მზად არის, სიმღერა მილანის “ინტერის” ფორვარდ რომელუ ლუკაკუსთან ერთადაც შეასრულოს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოუვიდა:
“თუ ის მოინდომებს, კი ბატონო. რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზე, პრობლემა არ არის”.
აქვე გთავაზობთ იმ კომპოზიციის ორიგინალ ვერსიას, რომელსაც იბრაჰიმოვიჩი და მიხაილოვიჩი შეასრულებენ.