ზლატკო დალიჩი: “ეს საქართველოსათვის გზავნილია”
ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. დალიჩს შეკითხვა ქართველმა ჟურნალისტმა, ოთარ გიორგაძემ პატარა ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებით დაუსვა.
– ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი პატარა ქვეყნებისათვის მოტივატორი იყო, რადგან ხორვატია ყველაზე პატარა ქვეყანაა მათ შორის, ვისაც მუნდიალის ფინალში უთამაშია. მაგალითად, მე საქართველოდან ვარ და რა იქნებოდა თქვენი გზავნილი პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც ახლა უფრო დიდი შანსი აქვთ იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, მუნდიალზე ითამაშონ?
– ჩვენს ავტობუსზე წარწერაა: “პატარა ქვეყანა – დიდი ოცნებები”. ეს კარგი გზავნილია. თუ ბევრს იშრომებთ და კარგი ფეხბურთელები გეყოლებათ, შედეგსაც მიაღწევთ. უნდა გჯეროდეთ, რომ ეს შესაძლებელია. ეს კარგი გზავნილია ისეთი პატარა ქვეყნებისათვის, როგორიც ხორვატია და საქართველოა. თუმცა, პირველ რიგში, ოცნება უნდა გქონდეთ და ამბიცია, შემდეგ კი ამ გზას გაჰყვეთ. ერთ დღესაც, შესაძლოა, ოცნება აგიხდეთ, ფეხბურთში ან თუნდაც ცხოვრებაში. არასოდეს დანებდეთ.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფინალში საფრანგეთმა ხორვატია 4:2 დაამარცხა. ხორვატები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არსებობის მანძილზე პირველად გავიდნენ.