“ზუგდიდის” დუბლებმა “ზესტაფონი” დაამარცხეს
2014 წლის 12 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ “ბაიას” ბაზაზე, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდის” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გაგოშიძე, მოსიძე, გელაშვილი, ენდელაძე (ჭურაძე, 35), მაკარიძე (ბარბაქაძე, 68), მარგველაშვილი, კაკუშაძე, კალაჯიშვილი, კანდელაკი (ეგუტიძე, 86), კაპანაძე (მიქელთაძე, 53).
დღევანდელი დაპირისპირების პირველ ნახევარში სტუმრები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ტაიმის მსვლელობისას სტუმრებს ანგარიშში დაწინაურებას რამდენიმე ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცათ – მიზანთან ახლოს დემურ კანდელაკი, ბექა კაკუშაძე და იონა კალაჯიშვილი იყვნენ. ზესტაფონელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად, პირველი 45 წუთი უგოლოდ 0-0 დასრულდა…
მომენტების გაფლანგვა ზესტაფონელებმა მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილშიც განაგრძეს და ამისათვის მალევე დაისაჯნენ – 60-ე წუთზე, დღევანდელ შეხვედრაში ზუგდიდელთა პირველივე სახიფათო შეტევა კონსტანტინე საბეკიას გოლით დასრულდა. მატჩის ბოლოს, მას შემდეგ რაც ბექა მიქელთაძემ მეორე ყვითელი მიიღო, იმერლები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ. 78-ე წუთზე ზუგდიდელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამყარდა – გოლი ცოტნე სამუშიამ გაიტანა. მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური