„ზუგდიდმა“ ახალწვეულები წარადგინა
მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, საგაზაფხულო სეზონის განახლებამდე ორი დღით ადრე,ს.კ. „ზუგდიდმა“ ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა. ფეხბურთელები, კლუბის დირექტორმა, გელა ინალიშვილმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბესიკ შეროზიამ წარადგინეს. პირველი წრის დასრულების შემდეგ, ზუგდიდელთა შემადგენლობა 8 ფეხბურთელმა დატოვა, რის შემდეგაც ზუგდიდელთა რიგები შემდეგმა ფეხბურთელებმა შეავსეს:
მეკარეები: მინდია ბობღიაშვილი – პირველი წრის შემდეგ ზუგდიდს, ქუთაისის „ტორპედო“-დან შემოუერთდა და იგი, 19-ე ნომრით ითამაშებს. მანუჩარ ივარდავა, ზუგდიდელია და ამავე კლუბში ასპარეზობდა, წლების განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივში“-ც უთამაშია, საკუთარ გუნდს ტრავმის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სიმბოლური ნომრით 01 დაუბრუნდა.
მცველები: დავით მეგრელიშვილი – პირველი წრე ლანჩხუთის „გურია“-ს შემადგენლობაში გაატარა და ზუგდიდელთა რიგებში, 25 ნომრიან მაისურს მოირგებს. გოდერძი მაჩაიძე, ს.კ. „გაგრა“-ში თამაშობდა და ამ სეზონიდან, ზუგდიდელთა ღირსებას 2-ე ნომრით დაიცავს. გიორგი პაჭკორია საკუთარ გუნდში დაბრუნდა, პირველი ეტაპი მან, „სამტრედია“-ში ითამაშა, ხოლო ზუგდიდელთა შემადგენლობაში იგი, 3-ე ნომრით იასპარეზებს. ახალბედანიკა ნარმანიაც (1994 წ) ზუგდიდის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და მან, ესპანურ ახალგაზრდულ აკადემიურ გუნდშიც მოსინჯა ძალები, ზუგდიდელთა რიგებში მას 5-ე ნომერი გადაეცა.
ნახევარმცველები: ამ პოზიციაზე ზუგდიდელებმა უდაოდ კარგი შევსება მიიღეს. ლუკა გუგუჩია და ლევან კუტალია, ორივე ზუგდიდელია – ისინი სხვადასხვა კლუბში თამაშობდნენ, გუგუჩია ფოთის „კოლხეთი“-ს ღირსებას იცავდა, ხოლო კუტალია ქობულეთის „შუქურას“ შემადგენლობაში იყო. გუგუჩიამ 77-ე ნომრიანი მაისური მოირგო, ხოლო კუტალია მინდორზე 89-ე ნომრიანი მაისურით გამოვა. რაც შეეხება ავთო ენდელაძეს – ეს ფეხბურთელი ქუთაისშია დაბადებული, თუმცა საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაია“-ს აღზრდილია, ბოლო რამდენიმე წელი იგი „ზესტაფონის“ რიგებში ირიცხებოდა, წელს კი საფეხბურთო კარიერას ზუგდიდში გააგრძელებს და 22-ე ნომრით ითამაშებს.
თავდამსხმელები: ირაკლი ქობალია, ზუგდიდელთა წინა ხაზს უდაოდ გააძლიერებს და გულშემატკივრებიც, მისი მინდორზე გამოსვლას იმედით ელიან. ზესტაფონში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ზუგდიდელთა ფორვადმა, პირველი წრე, პირველლიგელ ხობის „კოლხეთში“ ითამაშა და კვლავ ზუგდიდში დაბრუნდა. ქობალია ტრადიციას არ ღალატობს და ქომაგების წინაშე იგი, კვლავ 10-ე ნომრიანი მაისურით წარსდგება.
რაც შეეხება ახალაგაზრდა შემტევ ფეხბურთელებს – გიორგი ბულია და ცოტნე სამუშიაც ამავე ქალაქის მკვიდრნი არიან. ბულიამ, პირველი წრე საკუთარი ქალაქის გუნდში, ზუგდიდის „ლაზიკა“-ს შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო სამუშია თბილისის „დინამო 2“-დან შეურთდა ზუგდიდს. ბულიას 94-ე ნომრიანი მაისური ერგო, ხოლო სამუშია 20-ე ნომრით ითამაშებს.