“ზუგდიდმა” აზერბაიჯანელებთან წააგო
მესამე ტესტ-მატჩი ზუგდიდელებმა, მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანულ გუნდთან, „ყარადაგ“ ლოკბატანთან გამართეს და დამარცხდნენ. არადა საგოლე მომენტებს ერთი გუნდი ქმნიდა და ზუგდიდელებს, პირველ ტაიმშივე მართებდათ სოლიდურად დაწინაურება. ისინი, სწორედ გამოუყენებელი შანსების შედეგად დაისაჯნენ და მეტოქემ ამით ისარგებლა. მივყვეთ თამაშის ქრონოლოგიას – თამაშის დასაწყისშივე აზერბაიჯანელთა მეკარემ ზუსტად ითამაშა და დათო მეგრელიშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია. ზუგდიდელთა მორიგი ოთხსვლიანი კომბინაცია, ზუგდიდელთა კაპიტანმა შოთა ლომიამ, ერთი შეხებით შეუჩერებელი დარტყმით დაასრულა და კვლავ მეტოქე გუნდის კიპერი დადგა მოწოდების სიმაღლეზე, რომელიც უდაოდ საუკეთესო იყო ამ მატჩში.
ბურთს მთლიანად ქართველები აკონტროლობდნენ და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მეტოქე გუნდის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ მათ კარის მშრალად შენარჩუნება შეძლეს. ცოტა ხანში, „ყარადაგი“-ს კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა და ლევან წურწუმიამ, ბურთი პირადაპირ კარში გადაგზავნა, აზერბაიჯანელთა მეკარემ მხოლოდ ხელის წაკვრა მოახერხა და ბურთი ზედა ძელმა აისხლიტა. მალე, მეტოქე გუნდის მეკარემ ირაკლი ქობალიას ძლიერად დარტყმული ბურთი გაუვნებელყო, რომელიც ნახტომში კუთხურზე მოიგერია. ისიც უნდა ითქვას, რომ მეზობელი ქვეყნის ფეხბურთელებმა თავიდანვე ხისტ თამაშს მიმართეს, რაც უხეშობაშიც გადაეზარდათ. პირველად სამედიცინო დახმარება ვაკო ტყემალაძეს და ირაკლი ქობალიას დასჭირდათ, ხოლო შემდეგ მათ მიერ ტრავმა მიყენებული შოთა ლომია შესაცვლელი შეიქმნა. აზერთა მეკარემ, ლუკა გუგუჩიას მიერ სტანდარტულიდან დარტყმული ბურთიც გაანეიტრალა. ტაიმის ბოლოსკენ მან კიდევ ერთი სეივი განახორციელა და ლევან კუტალიას დარტყმული ბურთი უკუაგდო.
მეორე ტაიმშიც სათამაშო სცენარი უცვლელი იყო,თუმცა მეტოქემ გამოუყენებელი მომენტების შედეგად დაგვსაჯა. შეხვედრის ბოლოსკენ მათ, უკანა ხაზზე დაშვებული პოზიციური შეცდომით ისარგებლეს და ორი გოლი გაიტანეს.
ბესიკ შეროზია („ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელი): „საწყენია უბრალოდ ის, რომ მთლიანობაში თამაში შენი კარნახით მიდის და ასეთ თამაშს წაგებით ასრულებ. ბავშვური შეცდომების შედეგად დავისაჯეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მთლიანობაში ჩემი ბიჭების გარჯით და თამაშით უკმაყოფილო არა ვარ. არ ვიქნები ჩემს ნათქვამში ზედმეტად თამამი და შედეგის მიუხედავად, ჩვენს ფეხბურთელებს, დღევანდელ მატჩშიც, თამაშის ხარისხსაც ვერ დავუწუნებ. ჩვენი მთავარი მიზანია, ეროვნულ ჩემპიონატში მივაღწიოთ წარმატებებს და მჯერა ჩვენი გუნდი ამას შეძლებს“.
ზუგდიდი – „ყარადაგი“ 0:2
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია (ეხვაია), წურწუმია, გუგუჩია, ლომია (კობერიძე), ქობალია
fczugdidi.ge