“ზუგდიდმა” ლატვიურ გუნდს სძლია
ზუგდიდელებმა თურქული შეკრების პირველი საკონტროლო მატჩი, დამაჯერებელი თამაშითა და მოგებით დაიწყეს. საკმაოდ ტანმაღალ და ჯანიან ლატვიელებთან, ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ბესიკ შეროზიამ, საკუთარი ფეხბურთელები შემტევი სტილით განალაგა, მთავარი აქცენტი კი მთლიანად თამაშის ხარისხზე იყო გაკეთებული.
შეხვედრის დასაწყისიდანვე ზუგდიდელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და 7-ე წუთზე, იურმალელთა კარისკენ, ვაკო ტყემალაძემ სახიფათოდ დაარტყა და მცირედით ააცილა. მორიგი შეტევა ირაკლი ქობალიას თავურით დასრულდა, თუმცა ამ ეპიზოდში ლატვიელთა კიპერმა, ზუსტად ითამაშა. მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო ლუკა გუგუჩია, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან ინტენსიურად უტევედა და ანგარიშიც, მან გახსნა. 14-ე წუთზე, იურმალელთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა, გუგუჩიამ ზუსტად შეასრულა და ბურთი, მეკარისაგან მარჯვენა მაღალ კუთხეში გაიტანა. აქვე უნდა აღინიშნოს ლევან აკობიას კარგი თამაში, რომელიც გარდა იმისა უკანა ხაზზე უშეცდომო იყო ,შორეული გადაცემებითაც ზუსტად ამარაგებდა შეტევის ხაზს.
გატანილი გოლიდან ათ წუთში ზუგდიდელები კვლავ დაწინაურდნენ და გოლი ულამაზესი კომბინაციის შედეგად გავიდა. ზუგდიდელთა შეტევა მოედნის ცენტრიდან დაიწყო და მარჯვენა ფლანგიდან გაგრძელდა, ბურთთან ირაკლი ქობალია აღმოჩნდა, რომელმაც კარის გასწვრივ ჩაჰკიდა,ლევან წურწუმიამ თავურით, კარგ პოზიციაზე მყოფ შოთა ლომიას უპასა და ზუგდიდელთა კაპიტანმა, ერთი შეხებით მეკარეს აუღებელი დაურტყა. 32-ე წუთზე ზუგდიდელებმა ანგარიში სამბურთიანი გახადეს. გოდერძი მაჩაიძემ სამი მეურვე ტექნიკური მოძრაობით ჩაომიცილა და მანაც ეფექტური გოლით, ანგარიში სოლიდური გახადა.
მეორე ტაიმში ბესიკ შეროზიამ, ცვლილებებს ეტაპობრივად მიმართა და ამით იყო გამოწვეული, რომ კაპიტნის სამკლაური სამმა ფეხბურთელმა მოირგო. პირველი ტაიმის შემდეგ შოთა ლომიამ სამკლაური, ლევან კუტალიას გადასცა, ხოლო ამ უკანასკნელმა ირაკლი ეხვაიას ჩააბარა. მეორე ნახევრის შუაწელისკენ შეროზიამ, ახალებედა ფეხბურთელებიც გამოიყვანა მინდორზე. ზუგდიდელებს მეორე ტაიმშიც არ აკლდათ აქტიურობა და მათ, არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ენდელაძის, ეხვაიას, ფარჯიკიას და ღონღაძის მცდელობებს, გოლი არ მოჰყოლია. შეხვედრა კი ზუგდიდელებმა სამბბურთიანი უპირატესობით დაასრულეს.
ბესიკ შეროზია („ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელი) –„ჩვენი აქცენტი შედეგზე ორიენტირებული არ ყოფილა,თუმცა როგორ შეიძლება სასურველი შედეგი ვინმეს არ სიამოვნებდეს. მთლიანობაში ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ,მათ ზუსტად შეასრულეს დავალებები და მადლობასაც ვუხდი,მაგრამ ხარვეზებიც საკმაოდ გამოჩნდა, რაც მოსალოდნელიც იყო. ზუსტად ამაზე მქონდა ფეხბურთელებთან საუბარი და ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. ორჯერად ვარჯიშებზე მეტი ყურადღება დაეთმობა ყველა რგოლს, სადაც შეიძლება ითქვას სუსტად გამოვიყურებით“.
თურქეთი, სიდე, 2 თებერვალი
„ზუგდიდი“ – „სპარტაკი“ იურმალა 3:0
გოლები: გუგუჩია (14), ლომია (24) მაჩაიძე (32)
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, გუგუჩია, წურწუმია, ლომია, ქობალია
შეცვლაზე შევიდნენ: რიგვავა, პაჭკორია, დ.ქირია, კობერიძე, ეხვაია, ენდელაძე, ფარჯიკია, კუკავა, სამუშია, ნარმანია
fczugdidi.ge