“ზუგდიდმა” შეკრება ჩინელებთან მოგებით დასრულდა
ზუგდიდელებმა ცამეტდღიანი თურქული შეკრება, ბოლო ტესტ-მატჩით დაასრულეს. ბოლო სპარინგ-პარტნიორი ჩინეთის პირველ-ლიგელი, „ჰუნან ხიანგტაო“ გახლდათ. წინა მატჩების მსგავსად ზუგდიდელებს ამჯერადაც მართებდათ პირველ ტაიმში, სოლიდური უპირატესობის მოპოვება, თუმცა ჩინელებმა პირველი თხუთმეტი წუთი, თანაბარ ორთაბრძოლაში გაატარეს. მეტოქე გუნდის მეკარემ თავდაპირველად ლუკა გუგუჩიას და ირაკლი ქობალიას დარტყმები მოიგერია, ხოლო ლევან კუტალიასდარტყმული ერთ-ერთ მცველს მოხვდა. ზუგდიდელთა ერთ-ერთი იერიშისას, ჩინელებმა თამაშის წესი დაარღვიეს. შოთა ლომიას შესრულებულ სტანდარტულს ყველაზე სწრაფად, გიორგი პაჭკორია გამოეხმაურა და თავური დარტყმით, ბურთი ცხრიანში გაახვია.
გაშვებული გოლის შემდეგ, ისედაც სწრაფად მოქმედი მეტოქის ფეხბურთელები უფრო გააქტიურდნენ და რამდენჯერმე შეუტიეს ზუგდიდელთა კარს, მაგრამ ზუგდიდელთა კიპერი, მინდია ბობღიაშვილიც ზუსტად მოქმედებდა. 27-ე წუთზე ჩინელთა კარი აშკარა გოლისგან მათმა მეკრემ იხსნა. ლევან წურწუმიას მარცხენა ფლანგური გადაცემა, ზუსტი თავურით ირაკლი ქობალიამ დაასრულა, გოლიც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ჩინელმა მეკარემ საოცარი სისწრაფის ხარჯზე, ბურთი „ცხრიანიდან“ მოხსნა.
მეორე ტაიმშიც სათამაშო ტემპი შენარჩუნდა და დროდადრო ჩინელებიც, აქტიურად უტევდნენ – ისინი მთლიანობაში კონტრშეტევებზე აგებდნენ თამაშს. 56-ე წუთზე ზუგდიდელთა მარჯვენა ფლანგიდან განხორციელებული იერიში, დათა რიგვავამ კარგად გააგრძელა და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვედან დაარტყა, ჩინელთა ერთ-ერთმა მცველმა კი ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერმეტრიანი ზუსტად შოთა ლომიამ შეასრულა და ანგარიშიც ორამდე გაზარდა.
ზუგდიდელებს ამის შემდეგაც ჰქონდათ არაერთი მომენტი, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. თამაშში კარგად ჩაერთო შეცვლაზე შემოსული ავთო ენდელაძე და იგი მარცხენა ფლანგიდან, კარგად ახორციელბდა შეტევებს. ავადმყოფობის გამო კი დღევანდელ შეხვედრაში, მონაწილეობა, გოდერძი მაჩაიძესა და დათო მეგრელიშვილს არ მიუღიათ.
თურქეთი, სიდე, 11 თებერვალი
ზუგდიდი – ჰუნან ხიანგტაო 2:0
ზუგდიდი: ბობღიაშვილი, რიგვავა, ღონღაძე, პაჭკორია, აკობია, ტყემალაძე, კუტალია, წურწუმია, გუგუჩია, ლომია, ქობალია
შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, კობერიძე, ფარჯიკია, დ.ქირია, ნარმანია, კუკავა
fczugdidi.ge