ზურაბ დათუნაშვილი: “ახლა მეფე მე ვარ”
სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა 87კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ზურამ მსოფლიო პირველობის ფინალში ბელარუსი კირილ მასკევიჩი 9:1 დაამარცხა.
“რთული დაპირისპირება იყო, მაგრამ სტრატეგია მქონდა. მე და ჩემმა მწვრთნელმა ამაზე ვიმუშავეთ. მეტოქის შესახებ ბევრი რამ ვიცი, ვიცი, როგორ ჭიდაობს. მან შეცდომა დაუშვა და ამ მომენტით ვისარგებლე. ის ჩვენს წონით კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ადრე მან მოიგო, შემდეგ – მე, ახლა ისევ მე გავიმარჯვე. ეს ფინალი იყო, ახლა მეფე მე ვარ.
ტოკიოში ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე და ამის შემდეგ, ფსიქოლოგიურად, ძალიან კარგ მდგომაროებაში ვიყავი. ერთი თვით დავისვენე და შემდეგ ოსლოში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისათვის ვემზადებოდი”, – ციტირებს დათუნაშვილის სიტყვებს uww.org.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. მან საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. ზურა სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს.