ზურაბ იონანიძე: “ოპტიმალური ვარიანტი 16-გუნდიანი ჩემპიონატია”
ქართულ საფეხბურთო წრეებში ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი თემა უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდაა. მარტვილის “მერანი” ამ წამოწყებას აქტიურად უჭერს მხარს. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ “მერანის” მთავარ მწვრთნელს, ზურაბ იონანიძეს დავუკავშირდით.
– უმაღლეს ლიგაში გუნდების გაზრდას მივესალმებით. ეს პროექტი ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. რეგიონებიდან უფრო მეტი კლუბი იქნება წარმოდგენილი და რაც თავარია მეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცემა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება.
– თუმცა, აღნიშნული იდეის ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანაში 16-გუნდიანი ჩეპმიონატის ჩასატარებლად საკმარისი პირობები არ არის..
– გასაგებია, რომ პირობები იდეალური მართლაც არ არის, თუმცა ყველა გუნდი ასე თუ ისე ახერხებს არსებობას და კალენდარული მატჩების ნორმალურად ჩატარებას.
– შაბათს “ზუგდიდი” დაამარცხეთ. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრას?
– კარგია, რომ მატჩი მოვიგეთ. უშუალო კონკურენტი დავამარცხეთ, რაც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საინტერესო თამაში გამოვიდა. გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა სასიხარულოა, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა?
– მთავარ კონკურენტებს და თქვენს შანსებს როგორ შეაფასებდით?
– ჩვენი მთავარი კონკურენტები “სპარაკი” და “ზუგდიდი” არიან. ორივე კარგი, ახალგაზრდული გუნდია. შანსებზე კი რა გითხრათ.. ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ თეორიული შანსი მაინც გვექნება.
– საჩემპიონო რბოლაში რომელ გუნდს გამოარჩევდით?
– “დინამოს” წაგებით უმაღლესის პირველ ექვსეულში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. შანსები “ზესტაფონსაც” გაუჩნდა. ორივე საკმაოდ ძლიერი გუნდია და ჯერ რთულია იმის თქმა, თუ რომელი მოახერხებს ტიტულის მოპოვებას.
– თქვენი კლუბის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდით?
– ამ ეტაპზე ვერაფერს. ჩვენთვის ერთადერთი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. დანარჩენი კი, სეზონის ბოლოს გაირკვევა.