ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობისას ტრავმა მიიღო.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, ბექაურს გუშინ ორი კვლევა ჩაუტარდა და ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი მალე გამოჯანმრთელდეს.
“ლაშა ბექაურს გუშინ ორი კვლევა ჩაუტარდა – მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია. რადიოლოგებმა და ექიმთა კონსიულიუმმა გადაწყვიტა, რომ სრულყოფილი სურათისათვის საჭირო იყო ყველანაირი კვლევა. ჩართულია რამდენიმე ექიმი. დაზიანება არის კუნთზე, სახსარსა და მყესზე. ყველაფერი კეთდება, რომ ანთებითი პროცესი დროულად ჩაქრეს. მთელი კომპლექსია გაწერილი იმისათვის, რომ მოკლე ვადაში მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეწუხდა და განიცდის ამ ბიჭის მდგომარეობას. იმედი მაქვს ყველაფერი იქნება კარგად და ლაშა ბექაური ასახელებს საქართველოს”, – განაცხადა კახაბრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბექაური ევროპის მოქმედი ჩემპიონია. მან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უნდა იასპარეზოს.