ზურაბ ცისკარიძე: “25-წლიანი განშორების შემდეგ, შინ დავბრუნდი”
ჩეხუტი “ტეპლიცეს” ფეხბურთელი, ზურაბ ცისკარიძე რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. 29 წლის ფეხბურთელი საქართველოში დაიბადა, ის 5 წლის იყო, როცა თბილისი დატოვა, შემდეგ კი არაერთ ქვეყანაში მოუწია ცხოვრება.
ცისკარიძე სხვადასხვა დროს ვარშავის “ლეგიაში”, ფრანგულ “სეტში”, “მაიამიში”, “მონრეალ იმფაქტში”, პერმის “ამკარში”, “ბანგკოკ გლასსა” და “სან ანტონიო სკორპიონსში” ირიცხებოდა.
სამშობლოში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გამოაქვეყნა.
“თბილისი, საქართველო. 29 წლის წინ, მე აქ დავიბადე. ჩვენი ოჯახი ჰარმონიასა და სიყვარულში ცხოვრობდა იქამდე, სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა. ჩემი ცხოვრების პირველი ხუთი წელი ძალიან მშვიდ გარემოში გავატარე, შემდეგ კი ჩვენი გზები გაიყარა. დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდი სხვა ქვეყნების ენებს, კულტურას, რელიგიას…
“საიდან ხარ?” – ეს არის ყველაზე რთული კითხვა, რომელიც შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა დამისვას. დიდი ხნის შემდეგ, მივხვდი, რომ ჩვენ ყველანი უნიკალურები ვართ.
25-წლიანი განშორების შემდეგ, ბიჭი, რომელმაც აქაურობა ცრემლებით დატოვა, შინ პროფესიონალი სპორტსმენის რანგში ბრუნდება, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება პირველად უნდა დაიცვას.
ეს რომ წიგნი ყოფილიყო, ზოგი იტყოდა, რომ გამოგონილი ამბავია. თუმცა, ეს ნამდვილი ისტორიაა. ცხოვრებაში ბევრი ადამიანის მადლიერი ვარ. ცხოვრება გრძელი გზაა, ამიტომ მარტომ არ უნდა იარო.”