ზურაბ ცისკარიძე: “სულითა და გულით ველი იმ დღეს, როდესაც კვლავ შემეძლება ჩემს ძმებთან ერთად თამაში”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ავსტრიის ნაკრებთან გასამართი შეხვედრისათვის შემადგენლობა დაასახელა. სლოვაკმა სპეციალისტმა ნაკრებში ჩეხუტი “ტეპლიცეს” მარცხენა მცველი, ზურაბ ცისკარიძე გამოიძახა.
ცისკარიძემ, რომელმაც “ჯვაროსნებში” სადებიუტო შეხვედრა 3 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა, დღეს სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გამოაქვეყნა.
“საქართველო-ავსტრიის მატჩის შემადგენლობაში მოხვედრით კიდევ ერთი დიდებული შანსი მომეცა. ფეხბურთში ხალხს მოკლე მეხსიერება გააჩნია – მუდმივად გიწევს თავის დამტკიცება, და ყოველი დღე ახალ გამოწვევას წარმოადგენს. გუშინდელი დღე არავის ახსოვს, აწმყო კი – რეალურად ერთადერთი განზომილებაა. ჩვენ როგორც ფეხბურთელებს უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, ამ მაისურის გადაცმით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა წარმოვადგინოთ. ეს უდიდესი პატივია. სულითა და გულით ველი იმ დღეს, როდესაც კვლავ შემეძლება ჩემს ძმებთან გვერდიგვერდ დიდი მიღწევებისთვის ბრძოლა – თამაშიდან თამაშამდე!” – წერს ცისკარიძე.
შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის მატჩი 5 სექტემბერს “დინამო არენაზე” გაიმართება.