ზუსტად 20 წლის წინ: დისკეტებით შესწავლილი მეტოქე და კარში მდგარი გმირი

თარიღი: ივნისი 30, 2020

ზუსტად 20 წლის წინ, ამ დღეს, იტალიის ეროვნულმა გუნდმა “ამსტერდამ არენაზე” ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში მასპინძელი ნიდერლანდების ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. 34-ე წუთზე მოედნიდან ჯანლუკა ძამბროტა გააძევეს და მას შემდეგ იტალიელები რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ. ნიდერლანდელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობისას კი პენალტის შესრულების ორი შანსი მიიღეს და ორივე გააფუჭეს: ფრანკ დე ბურს მეკარემ აჯობა, პატრიკ კლუივერტმა კი ბურთი ძელს გაარტყა. “სკუადრა აძურას” კარს ფრანჩესკო ტოლდო იცავდა, რომლის ეს თამაშიც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული.

როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ტოლდომ მატჩის წინა ღამეს პერსონალურ კომპიუტერში დისკეტებზე ჩაწერილი მასალის დახმარებით მეტოქე გუნდი პენალტების შესრულების მხრივ დაწვრილებით შეისწავლა. ფაქტია, იტალიელმა მეკარემ აღნიშნულ შეხვედრაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ექვსი პენალტიდან მხოლოდ ერთი გაუშვა და გუნდს ფინალის საგზური მოუპოვა. ტურნირის გადამწყვეტ მატჩი იტალიელები ფრანგებთან დამატებით დროში ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები