ზუსტად 87 წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალი გაიმართა (ვიდეო)
ზუსტად 87 წლის წინ, 1930 წლის 30 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალური მატჩი ჩატარდა.
ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მასპინძლებსა და არგენტინის ნაკრებს შორის გამართულ შეხვედრას 68 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
არგენტინელებმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგეს (1:0 საფრანგეთთან, 6:3 მექსიკასთან, 3:1 ჩილესთან), რის შემდეგაც ნახევარფინალში აშშ-ის ნაკრები გაანადგურეს (6:1) და ფინალურ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვეს. ურუგვაის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ორი მეტოქის წინააღმდეგ ითამაშა და ორივე მატჩი გამარჯვებით დაასრულა (1:0 პერუსთან, 4:0 რუმინეთთან). მასპინძლებმა ნახევარფინალურ შეხვედრაში იუგოსლავიის ნაკრები ანგარიშით 6:1 დაამარცხეს.
ურუგვაისა და არგენტინის ნაკრებთა შორის გამართულ ფინალურ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს: მე-12 წუთზე ურუგვაი დორადომ დააწინაურა, თუმცა მე-20 წუთზე პეუსელიემ წონასწორობა აღადგინა. 37-ე წუთზე არგენტინელები ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის, სტაბილეს (რვა გოლი ხუთ მატჩში ) გოლის წყალობით სულაც დაწინაურდნენ, მაგრამ შეხვედრის მეორე ტაიმში ურუგვაელებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს – სეამ 57-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ირიარტემ 68-ე წუთზე ურუგვაის ნაკრები დააწინაურა, კასტრომ კი 89-ე წუთზე ბოლო გოლი გაიტანა – 4:2.
ამრიგად, პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ტურნირის მასპინძელი ურუგვაი გახდა. სხვათა შორის, ურუგვაის დედაქალაქი მონტევიდეო ერთადერთი ქალაქია, რომელმაც კონკრეტული მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა შეხვედრას უმასპინძლა – ეს სწორედ 1930 წლის მსოფლიო პირველობაზე მოხდა. მას შემდეგ მსგავსი რამ აღარ განმეორებულა.