ზვიად ჯელაძემ „გაგრა“ დატოვა
24 დეკემბერს, საფეხბურთო კლუბ „გაგრასა“ და მთავარ მწვრთნელ ზვიად ჯელაძეს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულება შეწყდა და ეს უკანასკნელი სამწვრთნელო კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.
საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ და მისი ხელმძღვანელობა დიდ მადლობას უხდის ზვიად ჯელაძეს მისი გუნდში 3-წლიანი მუშაობისთვის და წარმატებებს უსურვებს.
– დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტ, ბატონ ბესიკ ჩიხრაძეს იმისთვის, რომ მთელი სამი წლის მანძილზე, რაც მე ამ გუნდში ვიმუშავე, მისი მხრიდან თანადგომა არ მომკლებია. ქართულ ფეხბურთს მისი სახით ნამდვილად დდი მხარდამჭერი ჰყავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართულ ფეხბურთში კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელოს მოღვაწეობა, დიდი ფეხბურთისკენ მიმავალ გზაზე არაერთ ნიჭიერ ახალბედა ფეხბურთელს გაუკვალოს გზა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აგრეთვე ყველა იმ ადამიანს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე გვერდში მედგა და ღირსეულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. მე მუდამ დავრჩები „გაგრას“ გულშემატკივარი, გულმხურვალე ქომაგი და მინდა, რომ მუდამ წარმატებული კლუბი იყოს, – განაცხადა ზვიად ჯელაძემ.
– რაც შეეხება გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, რამდენიმე დღეში მისი ვინაობა ცნობილი გახდება. რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და ჩვენ გულშემატკივარს ვარწმუნებთ, რომ მათგან ყველაზე ღირსეული ჩაიბარებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, – აცხადებს კლუბის წარმომადგენელი მიხეილ აფხაზავა.
FCGagra.GE