ზვიად სიჭინავა სფფ-ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა
ზვიად სიჭინავამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ შექმნილი ვითარება დაასახელა. პრეზიდენტის მოვალებას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე შეასრულებს.
“დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით, ბატონი საშა ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. დიდი მადლობა ექვსი წლის განმავლობაში ერთად ყოფნისთვის. სამწუხაროდ, ამ ექვსი წლის განმავლობაში ჩვენი ფეხბურთი წინ არ წავიდა. იმედია, ახალი პრეზიდენტი უფრო წარმატებული იქნება და უფრო მეტი წინსვლა იქნება ქართულ ფეხბურთში”, – განაცხადა სიჭინავამ აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე.
“არა მგონია, აქ ვინმეს ვჭირდებოდე, რამეს ვწყვეტდე ან რამეს ვაკეთებდე. როგორ შეიძლება კვირაში ორჯერ და სამჯერ აღმასკომის მოწვევა და რაღაც საკითხების განხილვა. არა მგონია, ეს სწორი იყოს. არ მინდა, რომ ჩემი სახელი მიბმული იყოს ამ სიტუაციას. მირჩევნია, წავიდე. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. არავისთან არ მქონია პრობლემა”, – დაამატა ზვიად სიჭინავამ.