ზვიად სიჭინავა: “კომისიამ 33 გუნდის აზრი არ გაითვალისწინა”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად ფედერაციის ოფისში პრესკონფერნეცია გამართა, სადაც აღნიშნული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
ზვიად სიჭინავა: სპორტის სამინისტრომ პრემიერს წარუდგინა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა. პროგრამა 180 მილიონზეა გათვლილი.
სპორტის სამინისტროს პროექტში უზარმაზარ თანხებზეა ლაპარაკი, რომელიც არა მგონია ფინანსთა სამინისტროსთან იყოს შეთანხმებული და პრემიერიც გაოცებული დარჩა. ფაქტიურად, ეს სფფ-ის მიერ შემუშავებული პროექტია, მხოლოდ, ციფრებია შეცვლილი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კომისია და სამინისტრო კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ფედერაციის აღმასკომი. გამოდის, რომ სამინისტრო PFL-ის ფუნქციებს ითავსებს. შეგვიძლია ხელშეკრულებაც გავუფორმოთ და მათ ჩაატარონ ჩემპიონატი…
განხილვის შემდეგ დაიწყო დისკუსია, რომელიც კამათში გადაიზარდა, სადაც პრემიერმა კონკრეტული კითხვა დასვა თუ რამდენ გუნდზეა პროგრამა გათვლილი. ფედერაციის სურვილი 16-გუნდიან უმაღლესს და 20-გუნდიან პირველ ლიგას გულისხმობს. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში ავღმოჩნდი. მეორე მხრიდან იყო ოთხი წარმომადგენელი, რომლებმაც საწინააღმდეგო აზრი გამოთქვეს.
პრობლემა ის არის, რომ გუნდების უმრავლესობა 16-გუნდიანი ჩემპიონატის მოლოდინში არიან. საკითხავია თუ რატომ თავიდანვე არ შეჩერდა ეს იდეა და რატომ მიეცათ ამ კლუბებს გარკვეული იმედები.
შეხვედრები კიდევ გვექნება. თბილისში ვრჩები და მზად ვარ ყველა კლუბს შევხვდე. ბატონმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ მზად არის ყველა იმ კლუბის წარმომადგენელს გასცეს პასუხის, რომლებიც 16-გუნდიანი ჩემპიონატის მოლოდინში იყვნენ და არგუმენტირებულად უთხრას, თუ რატომ სჯობს 12-გუნდიანი.
მე ვფიქრობ, რომ ეს თავიდანვე უნდა დაფიქსირებულიყო და საქმე აქამდე არ უნდა მიგვეყვანა. ვფიქორბ, რომ კვირის ბოლოს აღმასკომს საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ბატონმა კოკაიამ განაცხადა, რომ 16-გუნდიანის შემთხვევაში ის დაფინანსებას შეწყვეტდა. რომან ფიფიამ სტადიონების ცუდ ხარისხს გაუსვა ხაზი.
ფაქტობრივად, კომისიამ 33 გუნდის აზრი არ გაითვალისწინა და გამდამწყვეტი 2 გუნდის პოზიცია აღმოჩნდა. ბატონმა პრემიერმა თქვა, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ და პირველ ივლისს ელოდება საბოლოო პროექტს.
აღსანიშნავია და ეს ბატონ პრემიერსაც ვუთხარი, რომ თუ რაიმე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ეს 16 ან 18 გუნდიანი ჩემპიონატის პირობებში ხდებოდა.
12-გუნდიანში ფეხბურთელთა რაოდენობა მცირდება. ჩვენი 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკას მოკლებულები არიან. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება გუნდების რაოდენობის გაზრდა. 19-20 წლის ფეხბურთელს თუ სათამაშო ადგილი და ხელფასი არ აქვს ის უბრალოდ თავს დააანებებს ამ სპორტს.
სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ დიდი კამათი მოგვივიდა. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი იმ კლუბებს ვინც 16-გუნდიანს უჭერდა მხარს. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ჩემი ოპონენტების დარწმუნება.
ალექსანდრე ჩივაძე: სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი წელს 12-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებას გულისხმობს, რომელიც მამავალ სეზონში 10-გუნდიანი გახდება და ოთხ წრედ ჩატარდება, რაც არსებულ ფორმატს ნამდვილად სჯობს. თუმცა, ამით ხარისხი ნამდვილად არ ამაღლდება.
ჩვენთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგ უცხოურ ლიგებში თამაში პრიორიტეტულია. ამ პირობებში საქართველოში საშუალო დონის მოთამაშეები გვრჩებიან ან ასაკოვანი მოთამაშეები ჩამოდიან, რომლებიც საერთო დონეს ვერ აამაღლებენ. ამიტომ 10 იქნება თუ 16 გუნდი, ეს ფაქტორი ჩემპიონატის დონეზე არ იმოქმედებს. გუნდები საერთო დონე საკმაოდ თანაბარია.