“იუვენტუსი” – “ბარსელონა”: გადამწყვეტი ბრძოლის წინ
ტრადიციულად, საკლუბო სეზონის დასკვნითი აკორდი ჩემპიონთა ლიგის ფინალია. წლევანდელი გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ ამ ეტაპზე მართლაც რომ კონტინენტის საუკეთესო გუნდები წარსდგებიან, რასაც მათ მიერ განვლილი გზაც ადასტურებს. ცოტა თუ ივარაუდებდა, რომ ლიგის ფინალში ტურინულ გუნდს ვიხილავდით, თუმცა “რეალთან” შეხვედრაში “იუვემ” დაამტკიცა, რომ ბერლინში თამაშს იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებული გუნდი საჩემპიონო ჰეთთრიქს გაიფორმებს.
“იუვე” ფავორიტად ისედაც არ იყო მიჩნეული, ფინალამდე ორი დღით ადრე კი ალეგრიმ ჯორჯო კიელინის ტრავმით მტკივნეული დარტყმა მიიღო. ყველას ესმის, რომ კიელინი “იუვენტუსისთვის” საკვანძო მოთამაშეა, განსაკუთრებით ასეთ შეხვედრაში, სადაც გამოცდილებას და საკუთარი კარის უსაფრთხოების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ფაქტობრივად ეს იგივეა, რაც “ბარსელონასთვის” მესის დაკარგვა იქნებოდა. კიელინის ნაცვლად ოგბონას გამოსვლა კი მესის პედროთი შეცვლის მცდელობის მსგავსი იქნება.
საინტერესოა რას გადაწყვეტს ალეგრი. ოპტიმალური შემადგენლობის შემთხვევაში 3-5-2 უალტერნატივო იქნებოდა, კიელინის ფაქტორიდან გამომდენარე კი სავსებით შესაძლებელია, რომ ტურინელებმა 4 მცველით ითამაშოს.
“ბარსელონა” შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდება, ამიტომ შემადგენლობაც პროგნოზირებადია. ლუის ენრიკე დღეს როტაციას ალბათ არ მიმართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად უდიდესი პატივისცემია და ავტორიტეტისა ბრავოს და ჩავის სასტარტოში მოხვედრის მცირე შანსი აქვთ.
ნათელია, რომ ფავორიტი “ბარსელონაა”. შეხვედრა კატალონიური გუნდის ტერიტორიული უპირატესობით წარიმართება, “იუვე” კი აქცენტს ტრადიციულად დაცვაზე და სწრაფ კონტრშეტევებზე გააკეთებს.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი: ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა – პირლო – მარკიზიო, პოგბა – ვიდალი – მორატა, ტევესი
ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანი ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა – ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი