“პარი სენ-ჟერმენმა” აითექინის წინააღმდეგ უეფაში საჩივარი შეიტანა
“პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” მარცხს აღიარებს, მაგრამ მატჩის მთავარი მსაჯის, დენიზ აითექინის მიერ მიღებულ საეჭვო გადაწყვეტილებებთან შეგუებას არ აპირებს. ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, რომ პარიზულმა კლუბმა უეფას შტაბბინაში გერმანელი არბიტრის წინააღმდეგ საჩივარი აფრინა. აპელაციაში აითექინის მიერ მიღებული ყველა ის საეჭვო გადაწყვეტილებაა მითითებული, რომლებმაც, “პარი სენ-ჟერმენის” მესვეურთა აზრით, მატჩის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. პარიზული კლუბის ხელმძღვანელმა ნასერ ალ ხელაიფიმ საერთაშორისო დონის მსაჯებთან კონსულტაციებიც გაიარა, რის შემდეგაც დენიზ აითექინის წინააღმდეგ საჩივარი მომზადდა.
1. ხავიერ მასკერანოს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა პენალტი არ დანიშნა.
2. ჟერარ პიკემ, რომელსაც უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი, შეტევაზე გადასულ ედინსონ კავანის მაისურზე მოქაჩა, მაგრამ არბიტრმა ეს მომენტიც რეაგირების გარეშე დატოვა.
3. მენიე საკუთარ საჯარიმოში წაიქცა და ნეიმარს თავით შემთხვევით წამოედო. “პარი სენ-ჟერმენი” აცხადებს, რომ ნეიმარმა განზრახ ითამაშა ჯარიმაზე. აითექინი მომენტის ეპიცენტირდან 15 მეტრის მანძილზე იდგა, კართან მდგომ მსაჯს კი 30 მეტრი აშორებდა. არბიტრებმა პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება მომხდარიდან 17 წამის შემდეგ მიიღეს.
4. ორთაბრძოლას გამოთიშულმა ნეიმარმა მარკინიოსს უკნიდან ფეხში ჩაარტყა. იგი არ გააძევეს, მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისაჯა.
5. მარკო ვერატისთან მინიმალური კონტაქტის შემდეგ ლუის სუარესმა სიმულაციას მიმართა. ამ მატჩში ეს იყო ურუგვაელი თავდამსხმელის მხრიდან პენალტის მოპოვების პირველი მცდელობა, რომელსაც მსაჯი არ წამოეგო. სუარესი გამოიჭირეს და ყვითელი ბარათი უჩვენეს, მაგრამ პარიზელები აცხადებენ, რომ ამის იდენტური იყო მეორე ეპიზოდიც, რომელიც ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი გამოდგა.
6. პიკე ბურთს ხელით აჩერებს. აითექინი ამ ეპიზოდსაც რეაგირების გარეშე ტოვებს.
7. მასკერანომ საკუთარ საჯარიმოში ანხელ დი მარიას წინააღმდეგ იუხეშა, მაგრამ აითექინმა პენალტი არ დანიშნა და შესაბამისად, არც წითელი ბარათი აჩვენა. როგორც “მარკა” წერს, “ბარსელონას” ფეხბურთელმა მოგვიანებით აღიარა, რომ ამ ეპიზოდში თამაშის წესის დარღვევა იყო.
8. არარსებული პენალტი. ფრანგები თვლიან, რომ სუარესმა გადამწყვეტ ეპიზოდში სიმულაციას მიმართა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ურუგვაელისთვის მეორე ყვითელი ბარათი ეჩვენებინათ, აითექინმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა.