“რეალი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! (ვიდეო)
მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშების გამარჯვებულია. “სამეფო კლუბმა” პენალტების სერიაში თანაქალაქელი “ატლეტიკო” დაამარაცხა და ტიტულის მფლობელი მე-11-ედ გახდა.
მატჩის სასტარტო წუთები საკმაოდ მჭიდრო ბრძოლაში წარიმართა, ბევრი იყო ორთაბრძოლა, გუნდები ცდილობდნენ მეტოქისთვის თავისუფალი მოქმედების არეალი მაქსიმალურად შეეზღუდათ. ასეთი თამაშის მიმდინარეობისას კი ერთი ორად იზრდება სტანდარტული მდგომარეობების ფაქტორი. სწორედ სტანდარტის წყალობით შეიქმნა პირველი სახიფათო მომენტიც: ჯარიმიდან გარეტ ბეილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააგდო, მას კაზემირო გამოეხმაურა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული იან ობლაკმა კარის ხაზთან მოიგერია. აი, “რეალის” მეორე სტანდარტს კი გოლი მოჰყვა: ტონი კროოსმა მე-15 წუთზე ერთი შეხედვით არცთუ ისე სახიფათო წერტილზე დანიშნული ჯარიმის შემდეგ “ატლეტიკოს” საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა, იქ თავით ბეილმა ითამაშა და ბურთი მეტოქის კარისკენ გადაგდო, შექმნილი არეულობით სერხიო რამოსმა ისარგებლა და ანგარიშიც გაიხსნა — 1:0. გატანილი გოლის შემდეგ ზინედინ ზიდანის გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, “ატლეტიკოს” ფეხბურთელებს კი გონზე მოსასვლელად გარკვეული დრო დასჭირდათ. ტაიმის შუაწელს დიეგო სიმეონეს მოთამაშეებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა და “თეთრებმა” პირველი ტაიმის გამარჯვებით დასრულება უპრობლემოდ მოახერხეს.
მეორე ტაიმი “ატლეტიკომ” გაცილებით აქტიურად დაიწყო და დებიუტშივე მიეცა წონასწორობის აღდგენის საშუალება: პეპემ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ფერნანდო ტორესი წააქცია და არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. საპენალოსთან ანტუან გრიზმანი მივიდა, შუაში ძალზედ ძლიერად დაარტყა, მეკარე კუთხისკენ გადახტა, ბურთი კი ხარიხას მოხვდა და “რეალი” გადარჩა. რამდენიმე წუთში სიმეონეს გუნდს კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა, თუმცა ამჯერად სავიჩის ახლო მანძილიდან დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა. თავისი მომენტი “რეალსაც” ჰქონდა, როდესაც ბეილი მეკარისგან დაუცველ კარში გზავნიდა ბურთს, თუმცა “ატლეტიკო” ხაზთან მდგარმა მცველმა გადაარჩინა. ნათქვამია, ვერ გაიტან, გაგიტანენო და მართლაც – ძირითადი 90 წუთის ამოწურვამდე ათი წუთით ადრე წონასწორობა აღდგა: “ატლეტიკოს” შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ხუანფრანის მიერ ერთი შეხებით გაკეთებული პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე კარასკო თამაშობს და ანგარიში თანაბრდება — 1:1. ძირითადი 90 წუთი ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
დამატებითი 15 წუთიანი ტაიმები უგოლოდ მიილია და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა მხოლოდ ხუანფრანმა გააფუჭა, რომელმაც ბურთი ძელს გაარტყა. პენალტების სერია “რეალმა” 5:3 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა.
ჩემპიონთა ლიგა
ფინალი
“რეალი” — “ატლეტიკო 1:1 (1:0) (პენალტების სერია 5:3)
“რეალი”: კეილორ ნავასი, კარვახალი (დანილო 52′), რამოსი, პეპე, მარსელო, მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (ისკო 72′), ბეილი, ბენზემა (ლუკას ვასკესი 77′), რონალდუ.
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.
“ატლეტიკო”: ობლაკ, ხუანფრანი, გოდინი, ფილიპე ლუისი (ერნანდესი 109′), სავიჩი, საული, გაბი, კოკე (პარტეი 116′), გრიზმანი, აუგუსტო ფერნანდესი (კარასკო 46′), ტორესი.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლები: სერხიო რამოსი 15’— კარასკო 79′.
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი 48′ (ხარიხა).
პენალტების სერია: ლუკას ვასკესი (1:0), მარსელო (2:1), ბეილი (3:2), სერხიო რამოსი (4:3), რონალდუ (5:3) — გრიზმანი (1:1), გაბი (2:2), საული (3:3), ხუანფრანი (ძელი, 4:3)
გაფრთხილებები: კარვახალი 11′, ნავასი 47′, კაზემირო 79′, სერხიო რამოსი 90+3′, დანილო 93′, პეპე 111′ — ტორესი 61′, გაბი 90+3′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).