“რეალმა” “ნოუ კამპზე” “ბარსელონა” დაამარცხა (ვიდეო)
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 31-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ კატალონიური გუნდის ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელის, იოჰან კრუიფის ხსოვნას პატივი მიაგო. “ბლაუგრანას” მოთამაშეებს მაისურებზე საგანგებო წარწერა “Gracies Johan” (მადლობა, იოჰან) ჰქონდათ გამოსახული.
მატჩი თავიდანვე მჭიდრო ორთაბრძოლებით დაიწყო, ფეხბურთელები არც უხეშ თამაშს ერიდებოდნენ და საწყის ოც წუთში სტუმართა დაცვის ხაზი ყვითელი ბარათებით დაიტვირთა. არბიტრმა ჯერ სერხიო რამოსი გააფრთხილა, შემდეგ კი დანიელ კარვახალს უჩვენა ყვითელი ბარათი. 24-ე წუთზე კატალონიელთა ლიდერი ლეო მესი მეტოქის საჯარიმოში შეჭრას ცდილობდა, მაგრამ სერხიო რამოსმა ფეხი გამოსდო და არგენტინელი თავდამსხმელი ხაზთან წაიქცა. მსაჯმა ეს მომენტი უყურადღებოდ დატოვა. არადა, ჯარიმის დანიშვნის შემთხვევაში, არბიტრს გაფრთხილებული რამოსისთვის, დიდი ალბათობით, მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება და მისი მოედნიდან გაძევება მოუწევდა. ინიციატივა “ბარსას” ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ, “რეალმა” კი მეორე ნომრად თამაში არჩია. მადრიდელები ძირითადად სწრაფი კონტრშეტევების წყალობით ცდილობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, თუმცა მაყურებელმა სწრაფი და დაძაბული თამაში იხილა, რაც მოწყენის საშუალებას არ იძლეოდა.
შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მეტოქეზე წნეხი გააძლიერეს. ტაიმის დაწყებიდან ათი წუთის თავზე მესის ტექნიკურ დარტყმას კეილორ ნავასმა თვალსასეირო სეივით უპასუხა და ბურთი მოიგერია. შეტევას ერთბაშად რამდენიმე კუთხური მოჰყვა და მასპინძლებმა ეს სტანდარტი შესანიშნავად გამოიყენეს. მარჯვენა ფლანგიდან შესრულებული კუთხურის შემდეგ მეტოქის საჯარიმო მოედანზე მყოფი ხერარ პიკე პეპეს გაექცა და თავური დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა. “რეალის” კიპერი ამჯერად უძლური აღმოჩნდა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მალევე შეძლეს. მარსელომ წარმატებული სოლორეიდის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ტონი კროოსი მოძებნა, გერმანელმა ნახევარმცველმა გამჭოლი გადაცემა გააკეთა, ბურთი კარის წინ მდგარ კარიმ ბენზემას მიუვიდა, რომელმაც აკრობატულ ნახტომში შესრულებული დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 1:1. შეხვედრის მე-80 წუთზე მატჩის ყველაზე საკამათო ეპიზოდი განვითარდა. კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმოში გარეტ ბეილს ჩაუწოდა, უელსელმა ფეხბურთელმა მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და გოლიც გაიტანა, თუმცა არბიტრმა კატალონიელთა სასარგებლოდ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა. სამ წუთში სერხიო რამოსმა ლუის სუარესის წინააღმდეგ იუხეშა და მსაჯმაც ესპანელ მცველს უყოყმანოდ უჩვენა მეორე ყვითელი ბარათი. სტუმრები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა 85-ე წუთზე “რეალის” მორიგი შეტევა რონალდუმ გოლით დააგვირგვინა და “სამეფო კლუბი” დააწინაურა – 1:2. სტუმრებმა ამ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და “ნოუ კამპიდან” 3 ქულა წაიღეს. ამრიგად, “რეალმა” პირველ წრეში “ბარსელონასთან” შინ განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ “ნოუ კამპზე” რევაშის აღება შეძლო.
“ბარსელონას” აქტივში 76 ქულა დარჩა და ახლა კატალონიური გუნდი 6 ქულით უსწრებს მადევარ “ატლეტიკოს”. რაც შეეხება “რეალს”, მესამე ადგილზე მყოფმა “სამეფო კლუბმა” 69 ქულა მოაგროვა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
31-ე ტური
“ბარსელონა” — “რეალი” 1:2 (0:0)
“ბარსელონა”: ბრავო, დანი ალვესი, მასკერანო, პიკე, ხორდი ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი (არდა თურანი 74′), მესი, სუარესი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
“რეალი”: ნავასი, კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ბეილი (ლუკას ვასკესი 90+1′), ბენზემა (ხესე 78′), რონალდუ.
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.
გოლები: პიკე 56′, — ბენზემა 62′, რონალდუ 85′.
გაფრთხილებები: სუარესი 27′, მასკერანო 29′, რაკიტიჩი 58′ — სერხიო რამოსი 10′, კარვახალი 18′
გაძევება: სერხიო რამოსი 83′.
მთავარი არბიტრი: ალეხანდრო ერნანდესი.