ზიდანი: “აზარი “რეალისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება”
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” შინ “ბრიუგეს” მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, მათ “შორის იყო კითხვა გუნდის ახალწვეულ ედენ აზარის შესახებაც.
“ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ საშინაო მატჩს ჩავატარებთ. ჩვენი ფანები ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანნი არიან. სეზონი არცთუ ისე კარგად დავიწყეთ და რეაბილიტაცია უნდა მოვახდინოთ. სამი ქულა უნდა ავიღოთ.
აზარს ადაპტაციისთვის დიდი დრო სჭირდება? არა მგონია, რომ ის ამაში უნდა დავადანაშაულოთ. არც ჩემთვის იყო მარტივი ადაპტაციის პროცესის გავლა. როდესაც იტალიაში გადავედი, ჩემი თამაშის საპოვნელად სამი თვე დამჭირდა. დარწმუნებული ვარ, რომ აზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს ესპანური გამოცემა “ასი”.
“რეალსა” და “ბრიუგეს” შორის მატჩი ხვალ, თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.