ვალდესი: „მონაკო“ კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ალტერნატივაა“
„ბარსელონას“ კიპერმა ვიქტორ ვალდესმა, რომელიც კატალონიური კლუბის დატოვებას აპირებს, განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტი „მონაკოა“. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის ნაკრების მეკარე „მონაკოს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდება.
„საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგება მაწყობს. „მონაკო“ ბევრი თვალსაზრისით მიზიდავს. ეს კლუბი კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ალტერნატივაა. ერიკ აბიდალი „მონაკოში“ ბედნიერია. გამიხარდება, თუ ისევ ვიქნები მისი თანაგუნდელი.
„ბარსელონაში“ 20 წელიწადზე მეტი დრო გავატარე. კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოვიგე, თუმცა ახლა ისტორია დასასრულს უახლოვდება. დრო დადგა, მოვძებნო ახალი კლუბი და ახალი მიზნები დავისახო“, – ციტირებს ვალდესის სიტყვებს Goal-ი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალდესი „მონაკოსთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი კი 10 მილიონ ევროს გაუტოლდება.
ბექა დოგრაშვილი