რონალდომ 2014 წლის მუნდიალზე თავისი ფავორიტები დაასახელა
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს თვლის.
„ესპანეთი და გერმანია ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან, თუმცა ბრაზილიის ნაკრებმაც წარმოაჩინა თავისი ძლიერი მხარე, თანაც ისინი სახლში ითამაშებენ. ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს დავასახელებდი“, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
რონალდოს კომენტარის გაკეთება მიროსლავ კლოზეს შესახებაც სთხოვეს, რომელსაც ბრაზილიელის რეკორდის დამხობის შანსი აქვს. მოგეხსენებათ, გერმანელ თავდამსხმელს მუნდიალებზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია რონალდოს მონაგარზე.
„ამის შესახებ ბევრი საუბრობს. ვფიქრობ, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ის დაამხო. ეს მე არ მაწუხებს. ერთ დღესაც ვიღაც ჩემს რეკორდს დაამხობს. სახელი იმით გავითქვი, რომ ბევრი გოლი გავიტანე და ეს დავიწყებას არ მიეცემა. ჩემი პირადი ისტორია და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი 15 გოლი არასდროს წაიშლება. თუ ის ჩემზე მეტ გოლს გაიტანს, მივულოცავ და ვაღიარებ, თუმცა ჩემს მიერ გატანილ გოლებს ისტორიიდან ვერ ამოშლის“, – განაცხადა რონალდომ.
ბექა დოგრაშვილი