ვენგერი ფიფასგან „ბარსელონას“ დასჯას ემხრობა
ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ „ბარსელონა“ ფიფასგან სასჯელს ნამდვილად იმსახურებს.
„სასჯელს ვეთანხმები. კატალონიელებმა წესების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს. ძალიან მარტივი წესია: 16 წლამდე უცხოელ ფეხბურთელს ვერ გაიფორმებ, თუ მას მშობლები პროფესიული მიზეზით არ ჩამოყვებიან სხვა ქვეყანაში. საკითხავი მხოლოდ ის არის, როგორ გავიგოთ, პროფესიული მიზეზით ჩამოყვნენ მშობლები ახალგაზრდა ფეხბურთელს თუ არა? ეს არის დისკუსიის მთავარი მიზეზი. ფიფამ ჩათვალა, რომ „ბარსელონას“ მიერ გაფორმებული 16 წლამდე უცხოელი მოთამაშეების მშობლები ესპანეთში ფეხბურთის გამო ჩავიდნენ და არა – პროფესიული მიზეზით. „ბარსელონას“ სწორედ ამის გამო სჯიან, კატალონიელებმა წესებს პატივი არ სცეს“, – ვენგერის სიტყვები „სპორტ მოლმა“ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ფიფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თუ საბოლოო ვერდიქტი არ შეიცვლება, კატალონიურ კლუბს უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ახალი ფეხბურთელის გაფორმება არ შეეძლება. გარდა ამისა, „ბარსელონა“ 450 ათასი შვეიცარული ფრანკით ჯარიმდება.
ბექა დოგრაშვილი