ზიდანი: „ჯერარდი პრემიერლიგის მოგებას იმსახურებს“
ფიფას ვერსიით მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თვლის, რომ „ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი ინგლისის პრემიერლიგის მოგებას იმსახურებს. გარდა ამისა, ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა პოლ სქოულზის შესახებაც თქვა ორიოდ სიტყვა.
„ჯერარდს დიდებული კარიერა აქვს, მრავალი ტიტული მოიგო, თუმცა გულდასაწყვეტი იქნება, თუ პრემიერლიგის მოგებას ვერ მოახერხებს. საიდუმლო არ არის, რომ ამ ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ სურდათ. მას ევროპის ნებისმიერ კლუბში თამაში შეეძლო, თუმცა ყველას უარი უთხრა. მან მთელი კარიერა „ლივერპულს“ მიუძღვნა და პრემიერლიგის მოგებაც დაიმსახურა.
პოლ სქოულზისა და სტივენ ჯერარდის სახით ინგლისმა მსოფლიოს, შესაძლოა, ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ნახევარმცველები აჩუქა. იყო პერიოდი, როდესაც ჯერარდი პლანეტის საუკეთესო ნახევარმცველად ითვლებოდა. ხშირად ვერ ნახავთ სრულყოფილ ნახევარმცველს, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუმცა ჯერარდი სწორედ ასეთი იყო. მართალია, ახლა სტივენი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც 5-6 წლის წინათ თამაშობდა, მაგრამ გუნდში ის ფასდაუდებელ როლს ასრულებს“, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს ბრიტანული „დეილი მეილი“.
ბექა დოგრაშვილი