კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში გამგზავრებაზე უარს აცხადებს
კამერუნის ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის გამოყოფილი პრემიის ოდენობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ბრაზილიაში გაფრენაზე უარს აცხადებენ.
კამერუნელ ფეხბურთელებს იმედი ჰქონდათ, რომ მუნდიალზე მოხვედრისთვის მათ გაცილებით მაღალ პრემიას მისცემდნენ, ვიდრე რასაც ახლა სთავაზობენ.
ნაკრები ამ დრომდე კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში იმყოფება და ჯერ კიდევ უცნობია, როდის გაემგზავრება ბრაზილიაში, ან საერთოდ გაემგზავრება თუ არა. შეგახსენებთ, რომ კამერუნის ნაკრებს ტურნირის პირველი შეხვედრა დამდეგ პარასკევს უწევს.
ცნობისათვის, ანალოგიური სიტუაცია კამერუნის ნაკრებს 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჰქონდა. საბოლოოდ, მაშინ კამერუნელები ტურნირზე გაემგზავრნენ, თუმცა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლეს.
ბექა დოგრაშვილი