უკანასკნელი სატრანსფერო სიახლეები
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, უკვე 9 დღეა, რაც გახსნილია და გუნდები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან.
განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც. მაგალითად, დავიდ ვილა “ატლეტიკოდან” წავიდა, დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გადავიდა, ალექსი “მილანმა” მიიწვია და ა.შ.
გთავაზობთ, ტრანსფერებს, რომლებიც შესაძოა განხორციელდეს მომავალი სამი თვის განმავლობაში
გომისი “ნიუკასლში”
ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბეფეტიმი გომისი შესაძლოა “ნიუკასლში” აღმოჩნდეს. ინგლისური მხარე, “ლიონის” ფეხბურთელით რამდენიმე დღის წინ დაინტერესდა და მოლაპარაკებებიც უკვე დაიწყო. ცნობილია, რომ ისინი ხელფასის სახით,ფრანგ ფორვარდს 70 000 ფუნტს სთავაზობენ.
მოურინიო რამირესს არ უშვებს
ცნობილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის, რამირესის ყიდვა რამდენიმე კლუბს სურდა, თუმცა ჟოზე მოურინიომ არ ისურვა მისი გაშვება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და რამირესის მსურველი უკვე რამდენიმე კლუბია. ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი, ბრაზილიელ ნახევარმცველს, ზაფხულში არ გაუშვებს.
პენანტი “ნაპოლიში”
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ნაპოლი” მზად არის ჟერმეინ პენანტი შეიძინოს. ამჟამად 31 წლის შემტევი ინგლისელი, “სტოკ სიტის” საკუთრება, თუმცა ის უკანასკნელ სეზონში “ვულვერჰემპტონში” იყო განათხოვრებული. ცნობისთვის, პენანტი პირველად “არსენალში” გამოჩნდა და ყველა ელოდა, რომ ის ვენგერის აღმოჩენა იქნებოდა, თუმცა მან არ გაამართლა. ის მუდმივად განათხოვრებული იყო. ცნობისთვის, პენანტი მხოლოდ 16 წლის იყო, როცა პრემიერ ლიგის მატჩში ითამაშა “არსენალის” მაისურით.
“პსჟ” პოგბას არ ეშვება
ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე “პარის სენტ ჟერმენმა” “იუვენტუსთან” განაახლა მოლაპარაკებები, პოლ პოგბას თაობაზე. როგორც იცით, უკვე ერთი წელია, რაც ფრანგული გუნდი პოგბათია დაინტერესებული. ისინი, ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ, იტალიელებს 50 მილიონ ევროს სთავაზობენ.
ბალოტელი “არსენალში”?
უკვე არაერთმა წყარომ დაწერა იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარიო ბალოტელი “არსენალში” გადავა. ცნობილია, რომ არსენ ვენგერი იტალიელი ფორვარდით არის დაინტერესებული და ის მიახლოებით 25 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, მის სანაცვლოდ. ჯერ-ჯერობით უცნობია, გაუშვებს თუ არა “მილანი” ფორვარდს.
ვან გაალის სამიზნეები
ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლუი ვან გაალს სამი ფეხბურთელის ყიდვა სურს ბუნდესლიგიდან. ესენი არიან: ბასტიან შვაინშტაიგერი, ტომას მიულერი და მეტ ჰუმელსი. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად მოახერხებს ის ამ მოთამაშეების “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაყვანას, თუმცა ის სამივესთან აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას.
პეპე “სიტიში”?
“მანჩესტერ სიტი”, პორტუგალიელი მცველით, პეპეთი დაინტერესდა. მანუელ პელეგრინი, რომელიც მადრიდის “რეალში” წვრთნიდა პეპეს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს მის ყიდვას. როგორც იცით, “სიტი” ამჟამად, ვინსენტ კომპანის მეწყვილის ძიებაშია, თუმცა საეჭვოა რამდენად შეძლებენ ისინი პეპეს გადაყვანას. ცნობისთვის, 31 წლის მცველი “რეალში” 2007 წელს, “პორტოდან” გადავიდა.
“მანჩესტერი” ალბათი დაინტერესდა
“მანჩესტერ იუნაიტედი”, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მზად არის, ხორდი ალბასთან აწარმოოს მოლაპარაკებები. როგორც იცით, ალბას ფლანგზე, “იუნაიტედში” პატრიკ ევრაა, რომელიც წასვლას აპირებდა გუნდიდან. გაზაფხულის ბოლოს, კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგი მცველი დარჩება, თუმცა როგორც ჩანს, ის ძირითადი შემადგენლობის წევრად აღარ მოიაზრება. ლუი ვან გაალს, მის გუნდში, ალბას ხილვა სურს, რომელიც 2012 წელს “ბარსელონას” 14 მილიონი ევრო დაუჯდა.