2014 წლის მწვრთნელად იოახიმ ლიოვი დასახელდა
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე 2014 წლის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაასახელეს. ეს წოდება გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა მოიპოვა, რომელიც “ბუნდესთიმთან” ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გამოკითხვაში ფეხბურთის გერმანელმა სპეციალისტმა ხმათა 36,23 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი (22,06%). საუკეთესო სამეულს “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე ხურავს (19,02%).
“არ ვთვლი, რომ ეს ჯილდო მხოლოდ მე მეკუთვნის, ეს მთელი ნაკრების საკუთრებაა. გერმანულ ფეხბურთში წლების განმავლობაში შეიქმნა ისეთი პირობები, რამაც ბრაზილიაში გამარჯვების შესაძლებლობა მოგვცა. ეს წოდება იმაზე მიუთითებს, რომ მეც და სამწვრთნელო შტაბის დანარჩენი წევრებიც სწორი მიმართულებით მივდიოდით. 2014 წლის მწვრთნელებად გერმანიის ახალგაზრდული გუნდის თავკაცებსაც დავასახელებდი. მათაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ გამარჯვებაში. ლომის წილი დაიდეს იმათმაც, ვინც ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო სტრუქტურა შექმნეს. არ შეიძლება, არ აღვნიშნო ბუნდესლიგა, რომლის გარეშეც განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. თანაშემწეების დახმარების გარეშე ეს ყველაფერი მიუღწეველი დარჩებოდა. ვთვლი, რომ ამ ჯილდოს ანჩელოტი და სიმეონეც იმსახურებენ”, – განაცხადა ლიოვმა.