სიმეონე: “ატლეტიკოს” “ბაიერთან” ფავორიტად არ ვთვლი”
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მორიგი სათამაშო დღეა. ლევერკუზენში ადგილობრივ “ბაიერს” მადრიდის “ატლეტიკო” ესტუმრება. ესპანური გუნდის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ამბობს, რომ წყვილში “ატლეტიკოს” ფავორიტად არ მიიჩნევს.
“ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. ჩვენ არამხოლოდ თამაში, არამედ ბურთიც უნდა ვაკონტროლოთ, თუმცა სიფრთხილეც გვმართებს, რადგან შესაძლოა, “ბაიერმა” ბურთის ასართმევად პრესინგს მიმართოს. ჩვენი მეტოქე კარგად დაბალანსებულია, კარგი ფეხბურთელები და კარგი მწვრთნელი ჰყავს.
“ატლეტიკო” მშვენიერ ფორმაშია და ენთუზიაზმით სავსეა. მნიშვნელოვანი მატჩია და გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ წყვილში ფავორიტები ვართ. მატჩი ანგარიშით 0:0 იწყება და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს”, – სიმეონეს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მატჩი “ბაიერსა” და “ატლეტიკოს” შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას პაველ კრალოვეცის ხელმძღვანელობით ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.