ლუის ენრიკეს მატჩისწინა პრესკონფერენცია
ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. ესპანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
– ეს შესაძლო ექვსი ტიტულიდან პირველია, რომელიც შეიძლება ამ სეზონში მოიგოთ. რას იტყვით ამაზე?
– ის ფაქტი, რომ ხვალ სუპერთასის მატჩს ვთამაშობთ, ნიშნავს იმას, რომ შარშან ბევრს მივაღწიეთ.
– ხვალ რა სირთულეებს ელით?
– რა თქმა უნდა, ყველა ტურნირი გამოწვევაა. “სევილია” ძლიერი მეტოქეა, ესპანეთის სუპერთასზეც რთული მოწინააღმდეგე გვყავს “ატლეტიკის” სახით.
– ფავორიტად “ბარსელონას” თვლით?
– ამას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ თუ ასე ფიქრობთ, კი ბატონო, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რასაც მოედანზე გავაკეთებთ. “სევილია” ძლიერი მეტოქეა და მხოლოდ ფავორიტის სტატუსით საქმეს ვერ გავაკეთებთ.
– მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა თუ არ იყო ეს დრო საკმარისი?
– თავიდანვე ვიცოდით, რომ სეზონის დასააწყისში ეს მატჩი გვექნებოდა, ამიტომ ამისთვის ვემზადებოდით.
– “სევილიას” ახალი ფეხბურთელები ჰყავს, მათ შორის კონოპლიანკაც. მან თქვა, რომ “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს. რას იტყვით ამაზე?
– ეს ნორმალურია. კონოპლიანკა ცნობილი ფეხბურთელია, იგი ახლახან გადავიდა “სევილიაში”, ხოლო “ბარსელონაში” თამაშზე ფიქრი ყველას შეუძლია.
– რას იტყოდით “სევილიაზე”, რომელმაც რვა ახალი ფეხბურთელი დაიმატა?
– ისინი ყოველთვის ბევრ ტრანსფერს აკეთებენ და მათი მწვრთნელისთვის ეს გამოწვევაა. ვფიქრობ, ისინი ისე ითამაშებენ, როგორც გასულ სეზონში თამაშობდნენ.
– რას იტყოდით გუნდში ახალმოსულ არდა თურანზე?
– იგი ჩვენს გუნდს ეჩვევა. რთული არ არის კარგი ფეხბურთელისთვის “ბარსელონაში” ადაპტაცია, რადგან აქ უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან და თვითონ არდაც დიდი ფეხბურთელია.
– რამდენად მნიშვნელოვანი დანაკლისია ნეიმარის არყოფნა?
-სამწუხაროდ, ორივე მწვრთნელი დანაკლისით ხვდება ხვალინდელ მატჩს. ეს თვითონ ფეხბურთელებისთვისაც სამწუხაროა. მწვრთნელებს მოუწევთ, იმუშაონ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მათ განკარგულებაში არიან.