ლიონელ მესის კითხვა მიხეილ მესხზე დაუსვეს – არგენტინელის პასუხი
უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კატალონიელთა ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელმაც დუბლი შეასრულა. მატჩის შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში მესიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
— თბილისი გახდა 25-ე ევროპული ქალაქი, სადაც გოლი გაიტანეთ. სუპერთასის მოგების გარდა, კიდევ რით იქნება ეს მატჩი დასამახსოვრებელი?
— ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს შინ ვთამაშობდით. კმაყოფილები ვართ.
— კარგად ითამაშეთ. ძირითად 90 წუთში მესამე გოლის გატანაც შეგეძლოთ. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ყველა მხარს გიჭერდათ — ორივე გუნდის გულშემატკივრები?
— ყველას დიდ მადლობას ვუხდი ამ მხარდაჭერისთვის.
— რამდენად არის განსხვავება საკლუბო და სანაკრებო ჯილდოებს შორის?
— ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება და რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაა. დღეს ჩვენ უეფას სუპერთასი მოვიგეთ და ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ტიტულია.
— მესი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში. გსმენიათ თუ არა 60-იან წლებში მოთამაშე მიხეილ მესხის შესახებ, რომელმაც არგენტინა აღტაცებაში მოიყვანა? გვარებშიც მსგავსებაა — მესი, მესხი…
— თამაში უცნაურად დაიწყო: ჯერ ვაგებდით, შემდეგ გავათანაბრეთ და დავწინაურდით კიდევაც. მეტოქე პრესინგს გვიწყობდა. საბედნიეროდ, ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. რაც შეეხება მესხს, სამწუხაროდ, მასზე არაფერი მსმენია.
— თქვენ ნამდვილად ხართ მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ შეხვედრა პედრომ მოიგო. რას ფიქრობთ მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ?
— კმაყოფილი ვარ, რომ გადამწყვეტი გოლი სწორედ პედრომ გაიტანა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი, თუმცა ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, პატივი უნდა ვცეთ მის პოზიციას და მხარი უნდა დავუჭიროთ.