დელ ბოსკე: “ვალდესთან მიმართებაში, ალბათ, სილაჩრე გამოვავლინეთ”
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ აღიარა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთისა და მაკედონიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში “მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერ ვიქტორ ვალდესის არგამოძახებით შეცდომა დაუშვა.
“ვალდესის გამოძახებას ვაპირებდით. ამის მომხრე მეც ვიყავი. ვიქტორი ჩვენი მხრიდან მხარდაჭერას საჭიროებს. მესმის, რომ ეროვნული ნაკრები საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და აქ მხოლოდ მოცემული პერიოდისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები უნდა გამოვიძახოთ, თუმცა ვალდესი მაინც უნდა მოგვეწვია გუნდში. იგი განსაკუთრებული პიროვნებაა, რომელიც ნაკრებს ყოველთვის ეხმარება. ალბათ, მასთან მიმართებაში სილაჩრე გამოვავლინეთ. ასეთი გულქვა არ უნდა ვიყოთ”, – განაცხადა დელ ბოსკემ La Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები სლოვაკეთს 5 სექტემბერს უმასპინძლებს, 8 სექტემბერს კი მაკედონიას ესტუმრება.
ესპანეთის ნაკრების განაცხადში მეკარის პოზიციაზე იკერ კასილასი, დავიდ დე ხეა და სერხიო რიკო არიან შეყვანილნი.