დუნგას პატო არ სჭირდება
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის განაცხადში “სან პაულუს” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს არ უხმო. “სელესაოს” თავკაცმა მის ნაცვლად გუნდში “სანტოსის” 35 წლის ფორვარდი რიკარდო ოლივეირა მიიწვია.
“ოლივეირა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. იგი იტანს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით, საჯარიმო მოედნიდან და მის გარედან, საშინაო და გასვლით მატჩებში. რიკარდო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და ჩვენც სწორედ ამ ამპლუის ფეხბურთელი გვჭირდება. პატო ფლანგზე მოქმედებს, სადაც უკვე გვყავს დუგლას კოსტა.
როდესაც დუგლას კოსტა პირველად გამოვიძახე, ამბობდნენ, რომ იგი სანაკრებო მოთამაშე არ არის, თუმცა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ საკმაოდ კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა”, – დუნგას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას რიკარდო ოლივეირა 17 გოლით ლიდერობს, პატოს კი 9 გატანილი ბურთი აქვს.
ბრაზილიის ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს ჩილეში ითამაშებს, 14 ოქტომბერს კი ვენესუელის ნაკრებს დაუხვდება.