ესპანეთის თასი “ბარსელონამ” მოიგო (ვიდეო)
ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
36-ე წუთზე კატალონიელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ვინაიდან მთავარმა არბიტრმა ხავიერ მასკერანოს ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი უჩვენა. თუმცა, მეორე ტაიმის მიწურულს მოედნიდან “სევილიას” ერთ-ერთი ლიდერი ევერ ბანეგა ასევე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს და მინდორზე რიცხობრივი ბალანსი აღდგა.
ძირითადი 90 წუთი უგოლოდ მიილია, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
97-ე წუთზე ლიონელ მესიმ ჟორდი ალბა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. 121-ე წუთზე მოედნიდან “სევილიას” კიდევ ერთი ფეხბურთელი კარისო გააძევეს, ერთი წუთი შემდეგ კი ნეიმარმა “ბლაუგრანას” უპირატესობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:0.
ამრიგად, “ბარსელონამ” ესპანეთის თასი არსებობის მანძილზე 28-ედ დაისაკუთრა. გუნდმა ამ სეზონში პრიმერადივიზიონიც მოიგო და “ოქროს დუბლი” შეასრულა. “ბარსასთვის” ეს მეშვიდე “ოქროს დუბლია”, რაც ესპანეთში სარეკორდო მაჩვენებელია.
ესპანეთის თასი
ფინალი
“ბარსელოონა” — “სევილია” 0:0 (დ.დ. 2:0)
გოლები: ჟორდი ალბა 97′, ნეიმარი 120+2′.
გაფრთხილებები: ჟორდი ალბა 87′, ნეიმარი 89′, ინიესტა 90′, დანი ალვესი 90’— რამი 73′, ვიტოლო 75′, იბორა 90+5′, კრიხოვიაკი 92′, კონოპლიანკა 102′, სერხიო ესკუდერო 104′, გამეირო 114′, კარისო 120+1′.
გაძევებები: მასკერანო 36′, — ბანეგა 90+2′, კარისო 121+1.