ზინედინ ზიდანი — მატჩის შემდეგ თქმული
მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშების გამარჯვებულია. “სამეფო კლუბმა” პენალტების სერიაში თანაქალაქელი “ატლეტიკო” დაამარაცხა და ტიტულის მფლობელი მე-11-ედ გახდა.
მატჩის შემდეგ გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ “რეალში” გაწეული მუშაობით ამაყობს.
“ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არასდროსაა. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ასეთ მატჩებში ბევრ ენერგიასა და ემოციას ხარჯავ. შეხვედრის ბოლოს ბევრს კუნთებმაც შეაწუხა, რაც ბუნებრივი მოვლენაა. ეს ამ სეზონის უკანასკნელი და უმთავრესი მატჩი იყო. შეხვედრა თითქოს დაუსრულებლად გაგრძელდა. ვამაყობ იმ მუშაობით, რისი წყალობითაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. დიდებული ამბავია. ძალზედ ბედნიერი და ნასიამოვნები ვარ.
დიეგო სიმეონეს გუნდს ფანტასტიურ თამაშს ვულოცავ. ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოდა, არცერთი არ დანებდა. ყველაფერი ერთმა პენალტმა გადაწყვიტა. სიმეონე დიდებული მწვრთნელია, რომელმაც ჩემი ეს სიტყვები უკვე დაამტკიცა.
რა არის ამ გამარჯვებიდან მთავარი დასკვნა? ხშირად სულისკვეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოსტატობა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავიმარჯვეთ არამხოლოდ კლასის, არამედ ჩვენი ხასიათის ხარჯზე.
მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იმისთვის, რომ “რეალის” თავკაცის პოსტი მანდო. აქ ფანტასტიური სიმაღლეების მიღწევაა შესაძლებელი. ჩემპიონთა ლიგა მოვიგე როგორც მოთამაშის, ასევე კარლო ანჩელოტის თანაშემწისა და მთავარი მწვრთნელის რანგში. ანჩელოტი მეუბნებოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მწვრთნელის რანგში სულ სხვა ემოციაა. ახლა ვხვდები, რას გულისხმობდა იგი. ეს მართლაც შეუდარებელი გრძნობაა.
რაც შეეხება რონალდუს, მას ტრავმა ჰქონდა. არც მან და არც სხვებმა მოედანზე ძალისხმევა არ დაზოგეს. რა ვუთხარი კრიშტიანუს პენალტების სერიის წინ? მხოლოდ ის ვუთხარი, თუ მერამდენე იქნებოდა პენალტების დამრტყმელთა შორის”, – ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.