გერმანია — უკრაინა: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა
გერმანია — უკრაინა
შეხვედრის ადგილი: ლილი; “პიერ მორუა”
შეხვედრის დრო: კვირა, 12 ივნისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
დღეს ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფი აიღებს სტარტს. ცენტრალური შეხვედრა ლილის “პიერ მორუაზე” შედგება, სადაც გერმანიის ეროვნული გუნდი უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. “ბუნდესთიმი” არამხოლოდ ამ კონკრეტული მატჩის, არამედ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად სახელდება, თუმცა იოახიმ ლიოვის გუნდს საკადრო პრობლემები შეექმნა: ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და მის ნაცვლად განაცხადში 20 წლის ფეხბურთელ ჯონათან ტას უხმეს. ამ შეცვლის შემდეგ გერმანიის ნაკრები ევრო-2016-ის ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გახდა. სათუოა მათს ჰუმელსის თამაშიც, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. გერმანელი მცველი მომჯობინდა, თუმცა, დიდი ალბათობით, მოედანზე მის გამოყვანას მაინც არ გარისკავენ.
რაც შეეხებათ უკრაინელებს, მიხაილო ფომენკოს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავს. გერმანია უპირობო ფავორიტია, უკრაინელები კი თამაშს, სავარაუდოდ, კონტრშეტევებზე ააგებენ. გუნდი კარგად იყენებს ფლანგებს, სადაც გუნდის ლიდერები ევგენი კონოპლიანკა და ანდრეი იარმოლენკო თამაშობენ. სხვათა შორის, მატჩამდე ერთი დღით საფრანგეთში მყოფმა უკრაინელმა ფეხბურთელებმა სამშობლოდან ბავშვების მიერ დახატული ნახატები მიიღეს. საავადმყოფოებში სხვადასხვა მიზეზით მწოლიარე ბავშვებმა თავიანთ ფეხბურთელებს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე სურათები დაუხატეს და მათ წარმატებები უსურვეს. ეს უკრაინის ნაკრების წევრებს დამატებით მოტივაციას შესძენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. სტადიონს მოძრავი სახურავი გააჩნია, რომელსაც მატჩის მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, გამოიყენებენ. ასე მოუწიათ ფეხბურთელებს მატჩისწინა ვარჯიშის ჩატარებაც.
გერმანიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
14.11.15 | ამხ. | საფრანგეთი | გერმანია | 2:0 | |
26.03.16 | ამხ. | გერმანია | ინგლისი | 2:3 | |
29.03.16 | ამხ. | გერმანია | იტალია | 4:1 | |
29.05.16 | ამხ. | გერმანია | სლოვაკეთი | 1:3 | |
04.06.16 | ამხ. | გერმანია | უნგრეთი | 2:0 |
უკრაინის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
17.11.16 | ეჩშ. | სლოვენია | უკრაინა | 1:1 | |
24.03.16 | ამხ. | უკრაინა | კვიპროსი | 1:0 | |
28.03.16 | ამხ. | უკრაინა | უელსი | 1:0 | |
29.05.16 | ამხ. | რუმინეთი | უკრაინა | 3:4 | |
03.06.16 | ამხ. | ალბანეთი | უკრაინა | 1:3 |
ურთიერთშეხვედრები:
11.11.11 – ამხანაგური: უკრაინა 3:3 გერმანია
14.11.01 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: გერმანია 4:1 უკრაინა
10.11.01 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: უკრაინა 1:1 გერმანია
07.06.97 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: უკრაინა 0:0 გერმანია
30.04.97 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: გერმანია 2:0 უკრაინა
იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “უკრაინის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მეტოქეს ფლანგებზე სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც კონტრშეტევებზე ძალზედ სახიფათონი არიან. მათ 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურ სისწრაფეებზე თამაში შეუძლიათ. თუ გავაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია და ბურთსაც გავაკონტროლებთ, მაშინ უკრაინის ნაკრების დამარცხების შესაძლებლობა გვექნება.
2014 წლამდე, როგორც წესი, ერთი სქემით ვთამაშობდით, თუმცა ბოლო ორ წელიწადში სისტემა გავაუმჯობესეთ. ახლა ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის, სამი ცენტრალური მცველით დავიწყებთ თამაშს თუ ორით. მატჩის მიმდინარეობისას უკვე შეგვიძლია სქემის შეცვლა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”.
მიხაილო ფომენკო (უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სტარტი ყოველთვის რთულია. შესაძლოა, გაგვიმართლა კიდეც იმის გამო, რომ პირველ მატჩს გერმანიის ნაკრებთან ვთამაშობთ. ყველას კარგად გვესმის, რაოდენ რთული შეხვედრა იქნება.
ნებისმიერი გუნდი ვითარდება. გერმანიის ნაკრების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება უკვე წარსულია. ვფიქრობ, რომ მათ უმაღლესი მიზნები აქვთ დასახული, ვინაიდან ევროპის ჩემპიონატი დიდი ხანია არ მოუგიათ. ვფიქრობ, მათი მთავარი მიზანი გამარჯვებაა.
ჩვენს ტაქტიკაზე არ ვისაუბრებ. ამ საკითხს გუნდში განვიხილავთ”.
ფეხბურთელებს შორის კავშირი:
ჯერომ ბოატენგს, მარიო გომესს, ტონი კროოსს, თომას მიულერს, მანუელ ნოიერს, ბასტიან შვაინშტაიგერსა (გერმანია) და ანატოლი ტიმოშჩუკს (უკრაინა) 2009-2013 წლებში მიუნხენის “ბაიერნში” ერთად უთამაშიათ.
სავარაუდო შემადგენლობები:
გერმანია: ნოიერი, ჰიოვედესი, მუსტაფი, ბოატენგი, ჰეკტორი, კროოსი, ხედირა, მიულერი, იოზილი, დრაქსლერი, გომესი.
უკრაინა: პიატოვი, ფედეცკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, სტეპანენკო, სიდორჩუკი, გარმაში, იარმოლენკო, კონოპლიანკა, ზოზულია.
Fanebi.Com-ის პროგნოზი
გერმანია 2:1 უკრაინა