მათეუსი: “თუ არგენტინელებს ასე ძალიან არ უყვართ მესი, ჩვენ მას გერმანიის პასპორტს შევთავაზებთ”
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი არგენტინაში ლიონელ მესის მიმართ არსებული დამოკიდებულებით უკმაყოფილოა.
“მესის კრიტიკა ჩემთვის გაუგებარია. არგენტინელებო, თუ ასე ძალიან არ გიყვართ მესი, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გერმანიაში გადმობარგება. ჩვენ მას გერმანიის პასპორტს მივცემთ. ჩემთვის გაუგებარია მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება.
კამათობთ იმაზე, თუ ვინ არის საუკეთესო: მესი თუ მარადონა? არგენტინას გაუმართლა, რომ ორი ასეთი ფეხბურთელი ჰყავს, თქვენ კი კამათობთ, რომელია საუკეთესო. არგენტინელებს ფეხბურთის ისტორიაში ორი საუკეთესო მოთამაშე ჰყავთ. ვულოცავ ამ ქვეყანას.
ვალდებულია თუ არა მესი, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს? არა! მისი თამაში უკლებლივ ყველა ტიტულს აღემატება. ორი წლის წინ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობასთან ახლოს იყო. პირველი გოლი არგენტინელებს რომ გაეტანათ, მხედველობაში მაქვს იგუაინის და კიდევ სხვა რამდენიმე მომენტი, ტიტულს ისინი დაეუფლებოდნენ.
მესია იმაში დამნაშავე, რომ მსაჯმა იგუაინის წინააღმდეგ ნოიერის უხეშობაზე პენალტი არ დანიშნა? მესია იმაში დამნაშავე, რომ დი მარიამ ტრავმა მიიღო და ფინალი ვერ ითამაშა? გავა ოცი წელი და მსოფლიო ისევ მესიზე ისუბრებს.
რაც შეეხება რონალდუს, მესი რომ არ ყოფილიყო, პორტუგალიელი საუკეთესო იქნებოდა. კარგია, რომ ჩვენ ერთდროულად ამ ორი შესანიშნავი ფეხბურთელის თამაშის შესაძლებლობა მოგვეცა. კრიშტიანუ მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
იმის გამო, რომ მესი საუკეთესოა, რონალდუს ბევრი მუშაობა დასჭირდა არგენტინელთან საპაექროდ. ორივე მათგანმა ბევრი რამ გააკეთა ფეხბურთისთვის, მაგრამ თუ შემეკითხებით, გიპასუხებთ, რომ მე მესის თამაში უფრო მომწონს”, – განაცხადა მათეუსმა La Nación-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.