მოურინიომ თვალი “ახალ ინიესტას” დაადგა, რომელიც თბილისში საუკეთესოდ დაასახელეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “ბარსელონას” სარეზერვო გუნდისა და ესპანეთის 19-წლამდე ნაკრების ნახევარმცველ კარლეს ალენიათი დაინტერესდა.
“წითელი ეშმაკების” სკაუტები უკვე დიდი ხანია, 18 წლის ფეხბურთელს აკვირდებიან, რომელსაც კატალონიაში ინიესტას ადარებენ. თავად ალენია ამბობს, რომ ანდრეს ინიესტა და რივალდო მისი კერპები არიან.
კარლეს ალენიას “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება. მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულების ოთხი წლით გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ფეხბურთელს პირველ გუნდში გადასვლა სურს, თუმცა მიმზიდველი ფინანსური შემოთავაზების შემთხვევაში, მან შესაძლოა, ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლოს.
სხვათა შორის, კარლეს ალენიამ საქართელოში 19 წლამდე ნაკრებებს შორის ამა წლის 9-14 ნოემბერს ჩატარებულ ოთხთა ტურნირზეც ითამაშა და ესპანეთის გუნდთან ერთად ჩემპიონი გახდა. თავად ალენია ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და დავით ყიფიანის სახელობის ჯილდო გადაეცა.