ჩავი: “ეს ფეხბურთელი ჩემ თავს მაგონებს”
“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” შუახაზელი მარკო ვერატი საკუთარ თავს აგონებს და იტალიელი პირველია იმ ფეხბურთელთა შორის, ვის ხილვასაც კატალონიური გუნდის რიგებში ისურვებდა.
“ვერატი ჩემ თავს მაგონებს. იგი ბურთს სიღრმეში ეძებს, შემდეგ კი წინ მიიწევს და თამაშის მიმდინარეობას კარნახობს. მარკო ჩემსავით დაბალია და ბურთს არასდროს კარგავს. იგი ტექნიკური თვალსაზრისით მართლაც საოცარი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ვერატი “ბარსელონასთვის” იდეალური მოთამაშე იქნებოდა. მინდა, რომ იგი “ნოუ კამპზე” ვიხილო. ვერატი პირველია იმათ შორის, ვის ხილვასაც “ბარსაში” ვისურვებდი.
“ბარსელონას” თავკაცობაზე ვოცნებობ და ამ მიზნის რეალობაში მოყვანაზე ვმუშაობ. თავს არ ვზოგავ იმისთვის, რომ მწვრთნელი გავხდე, მაგრამ ამ საქმიანობაში ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, მაგალითად, როგორ უნდა ითანამშრომლო 25 ფეხბურთელთან, ასევე დანარჩენ მწვრთნელებთან და სამედიცინო შტაბის წევრებთან.
ლუის ენრიკეს ჩემით შეცვლაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ კიდევ ფეხბურთელივით ვფიქრობ და არა მწვრთნელივით. გამოცდებიც ჩასაბარებელი მაქვს. მომდევნო სეზონი ჩემთვის უკანასკნელი იქნება. შემდეგ ვნახოთ, რა იქნება”, – ჩავის კომენტარი Le Parisien-მა გამოაქვეყნა.