“ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” იმარჯვა (ვიდეო)
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, სადაც გათამაშების ლიდერმა მადრიდის “რეალმა” მადევარი და ჩემპიონობისთვის უშუალო კონკურენტი “ბარსელონა” მიიღო. კატალონიელთა მთავარი დანაკლისი დისკვალიფიცირებული ნეიმარი გახლდათ. ამის გამო ჩვეულისგან განსხვავებული ტაქტიკური განლაგება ჰქონდა “ბლაუგრანას”. ცენტრში გამთამაშებლის პოზიციაზე ლიონელ მესი იყო გამწესებული, ხოლო წინ “რეალს” ლუის სუარესი-პაკო ალკასერის წყვილი უტევდა.
თამაში “რეალმა” უფრო აქტიურად დაიწყო და მატჩის დაწყებიდან მხოლოდ ორი წუთი იყო გასული, როდესაც “ბარსელონას” მცველმა სამუელ უმტიტიმ საკუთარ საჯარიმო მოედანზე კრიშტიანუ რონალდუს ფეხი გამოსდო და წააქცია, მაგრამ მთავარმა არბიტრმა ალეხანდრო ერნანდესმა ეს მომენტი პენალტის დასანიშნად საკმარისად არ ჩათვალა. შემდეგ მატჩი ორმხრივ შეტევებში გადაიზარდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მარსელომ ლეო მესის იდაყვი სახეში მოარტყა, არგენტინელს პირიდან სისხლი წასკდა და მთელი ტაიმის განმავლობაში სპეციალური საფენით თამაშობდა.
28-ე წუთზე “რეალმა” ანგარიში გახსნა. ეპიზოდი კუთხურს მოჰყვა, ბურთი ტერ შტეგენმა მუშტით მოიგერია, რის შემდეგაც მარსელოს მიუვიდა, ბრაზილიელმა საჯარიმოში ჩააბრუნა და სერხიო რამოსმა ახლო, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ კი კაზემირომ ყველას დაასწრო და მასპინძლები დააწინაურა, თუმცა “რეალს” სიხარული დიდხანს არ დასცალდა.
33-ე წუთზე ლეო მესიმ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ლუკა მოდრიჩი ჩამოიტოვა, სწრაფად შეიჭრა, იქ დანიელ კარვახალსაც იოლად გაუმკლავდა და კეილორ ნავასს აუღებელი დაურტყა — 1:1. მატჩის პირველ ტაიმში მადრიდელებს კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი ელოდათ. ახალგამოჯანმრთელებული გარეტ ბეილი კვლავ დაშავდა და 39-ე წუთზე უელსელი მარკო ასენსიომ შეცვალა.
მეორე ტაიმი “რეალმა” კვლავ აქტიურად დაიწყო და დებიუტში გოლის გატანის შანსი არაერთხელ მიეცა, თუმცა უშედეგოდ და მოხდა პირიქით – გაიტანა “ბარსამ”. 73-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა “რეალის” საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მარცხენა ფეხზე გაისწორა და ძლიერი დარტყმით “სანტიაგო ბერნაბეუზე” კატალონიური გუნდი დააწინაურა – 1:2.
77-ე წუთზე “რეალის” მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მესი სწრაფ კონტრშეტევაზე გადასვლას ცდილობდა, მაგრამ სერხიო რამოსმა არგენტინელი ფეხბურთელი უხეში ვარდნით წააქცია. მთავარმა არბიტრმა ესპანელ მცველს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და მასპინძლები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. მალევე მეკარესთან ერთი ერთზე მყოფ ჟერარ პიკეს “ბარსელონას” უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ კეილორ ნავასმა აუღო.
რთულ სიტუაციაში ყოფნის მიუხედავად “რეალმა” 85-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. მარსელომ მოედანზე სამი წუთის შესული ხამეს როდრიგესი მეტოქის საჯარიმოში მოძებნა და კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში – 2:2. თუმცა, ამით მატჩი არ დასრულებულა. კომპენსირებულ დროში კატალონიელებმა მესამე გოლის გატანა მოახერხეს და “სანტიაგო ბერნაბეუდან” სამი ქულა წაიღეს. სწრაფი კონტრიერიში მესიმ დააგვირგვინა.
“ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და “რეალს” სატურნირო ცხრილში გაუთანაბრდა, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
33-ე ტური
“რეალი” — “ბარსელონა” 2:3 (1:1)
“რეალი”: ნავასი, კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო, მოდრიჩი, კაზემირო (კოვაჩიჩი 69′), კროოსი, ბეილი (ასენსიო 39′), ბენზემა (ხამეს როდრიგესი 82′), რონალდუ.
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი,
“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, მესი, სუარესი, პაკო ალკასერი (ანდრე გომეში 69′).
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
გოლები: კაზემირო 28′, ხამეს როდრიგესი 85′ — მესი 33′, 90+2′, რაკიტიჩი 73′.
გაფრთხილებები: კაზემირო 12′, კოვაჩიჩი 81′ — უმტიტი 39′, მესი 90+3′.
გაძევება: სერხიო რამოსი 77′.
მთავარი მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი.