ხამეს როდრიგესი “მანჩესტერ იუნაიტედს” უახლოვდება
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ხამეს როდრიგესს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო გუნდის გამოცვლა სურს.
კოლუმბიელი ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ნახევარმცველმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია კიდეც. წყაროს ცნობით, ამ გარიგების ბედი უეინ რუნიზეა დამოკიდებული, რომელმაც შესაძლოა, ჩინეთის რომელიმე კლუბს მიაშუროს.
როგორც მოგეხსენებათ, “წითელ ეშმაკებს” ჟოზე მოურინიო თავკაცობს, რომელიც ხამესს კარგად იცნობს.
ხამეს როდრიგესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. კოლუმბიელი ფეხბურთელი პრიმერადივიზიონის ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველია. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ხამეს როდრიგესის სატრანსფერო ღირებულებას 50 მილიონ ევროდ აფასებს.