პერესი: “მბაპეზე ვფიქრობთ, მაგრამ მას “რეალის” შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდებოდა”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა “მონაკოს” ფორვარდ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგ ფეხბურთელს ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე “სამეფო კლუბის” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდებოდა.
“ეს სიტუაცია იმ დროს მახსენებს, როდესაც “რეალთან” პოლ პოგბას აკავშირებდნენ. მბაპე ძალზედ ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელია. კარგი მოთამაშეები მომწონს, მაგრამ გუნდში 24 ფეხბურთელია და მოედანზე მათგან მხოლოდ 11 გადის.
ბევრი კარგი მოთამაშე მომწონს, მაგრამ მათი ადგილი ძირითად განაცხადში არ მოიძებნება. კი ბატონო, მბაპეზე ვფიქრობთ, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე მას “რეალის” ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდებოდა. მბაპეს თუ ვიყიდით, ვინ წავა გუნდიდან?” – ციტირებს პერესის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. “მონაკო” 18 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს ითხოვს.