“რეალმა” “პსჟ”-ს პარიზშიც მოუგო (ვიდეო)
“პარკ დე პრენსზე” “პარი სენ-ჟერმენსა” და მადრიდის “რეალს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
პარიზელებს ორი ბურთი ჰქონდათ გასატანი და შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყეს, მადრიდელები კი აქტიურ პრესინგს მიმართავდნენ. პირველ ნახევარში ორი რეალური ეპიზოდი შეიქმნა და ორი მასპინძელთა კართან, გოლი გატანის შანსი სერხიო რამოსსა და კარიმ ბენზემას ჰქონდათ, თუმცა ორივე ჯერზე მათ პარიზელთა კიპერმა ალფონს არეოლამ აჯობა. პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია.
შეიძლება ითქვას, რომ მატჩის მეორე ნახევარი “რეალის” კარნახით წარიმართა. 51-ე წუთზე დანიელ ალვესმა უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი და მეტოქეს სწრაფი კონტრიერიშის წამოწყების შესაძლებლობა მისცა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ გოლით დააგვირგვინა. 66-ე წუთზე მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ფელიქს ბრიხმა მარკო ვერატის გაცხარებისთვის მეორეყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მიუხედავად ამისა, პარიზელებმა 71-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხეს: მადრიდელთა საჯარიმო მოედანზე შექმნილი არეულობისას ბურთი ედინსონ კავანის მოხვდა და ესპანელთა კარში შეგორდა – 1:1. ფრანგებს მცირე იმედი მიეცათ, მაგრამ მე-80 წუთზე კაზემირომ მასპინძელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალი” ითამაშებს. ზინედინ ზიდანის გუნდი მეტოქის ვინაობას 16 მარტს გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (განმეორებითი მატჩი)
“პარი სენ-ჟერმენი” — “რეალი” 1:2 (ორი მატჩის ჯამში 2:5)
გოლები: კავანი 71′ — რონალდუ 51′, კაზემირო 80′.
გაძევება: ვერატი 66′.