“რეალმა” გასვლაზე “ბაიერნი” დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და მადრიდის “რეალს” შორის “ალიანც არენაზე” პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო და საწყისი წუთების შემდეგ სათამაშო უპირატესობას “ბაიერნი” დაეუფლა. 28-ე წუთზე გერმანელებმა ანგარიშიც გახსნეს. მადრიდელებს შეტევაში ჩარჩენილი მარსელოს ზონა ღია დარჩათ, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, ხამეს როდრიგესმა ჯოშუა კიმიხი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, ეს უკანასკნელი მეტოქის საჯარიმოში დაუბრკოლებლად შევიდა და მახვილი კუთხიდან ეფექტურად გაისროლა – 1:0. ამის შემდეგ გერმანელებს სხვაობის გაზრდის რამდენიმე შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. ტაიმის მიწურულს მარსელომ თავისივე შეცდომა გამოასწორა: ერთი შეხედვით მადრიდელთა არცთუ ისე სახიფათო შეტევა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შორეულ კუთხეში დარტყმული ზუსტი და ძლიერი დარტყმით დააგვირგვინა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 1:1.
შეხვედრის მეორე ნახევარში გულშემატკივრებმა ერთი გატანილი ბურთი იხილეს. 57-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა რაფინიამ უწყინარ სიტუაციაში ბურთი დაკარგა და მადრიდელებს სწრაფი იერიშის წამოწყების საშუალება მისცა: წინ ლუკას ვასკესი და მარკო ასენსიო გაიქცნენ. ვასკესმა თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ასენსიომაც დარტყმა უნაკლოდ შეასრულა – 1:2.
ამ გამარჯვებით “რეალმა” ფავორიტის სტატუსი გაიმყარა და ტურნირის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე”, პირველ მაისს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (I მატჩი)
“ბაიერნი” — “რეალი” 1:2 (1:1)
გოლები: კიმიხი 28′ — მარსელო 44′, ასენსიო 57′.